რა გეგმა აქვს ოპოზიციას და როგორი იქნება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები - ჯერ-ჯერობით გაურკვეველია როგორი კონფიგურაციით მიიღებს მონაწილეობას ოპოზიცია არჩევნებში. უცნობია ეყოლება თუ არა ოპოზიციას საერთო კანდიდატები.
როგორც „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე აცხადებს, ოპოზიციის მთავარი ამოცანა, ამ ეტაპზე, ბიძინა ივანიშვილის პირველ ტურში დამარცხება უნდა იყოს.
„პრემიერობის კანდიდატები შესაძლოა, ყველა პოლიტიკურმა ძალამ დაასახელოს. ოღონდ ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ საბოლოოდ, ვინ იქნება პრემიერი, ეს გადაწყდება იმით, თუ როგორი კოალიციური შეთანხმება იქნება. ამიტომ, ახლა ამისთვის დიდი ყურადღების მიცემა სწორი არ მგონია. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციურმა ძალებმა საერთო მაჟორიტარულ კანდიდატებზე შეთანხმება მოახდინონ ან პოზიციების კოორდინირება მაჟორიტარულ ოლქებში. ეს შეიძლება იყოს თანამშრომლობა, ეს შეიძლება იყოს საერთო კანდიდატების დაყენება, ეს შეიძლება იყოს კანდიდატების არდაყენება. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს პირველ ტურში ბიძინა ივანიშვილის დამარცხება, ამიტომ, ახლა მეორე ტურზე საუბარი, მაშინ, როდესაც ოპოზიციაში დიდი პროცესებია დაწყებული, არ მგონია, სწორი იყოს“, - აცხადებს კაპანაძე.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაალ უდუმაშვილი კი მიიჩნევს, რომ ერთიანი კანდიდატების წარდგენა ძალიან კარგია, მაგრამ ამას საერთო ოპოზიციური შეთანხმება სჭირდება.
„ჩვენ უნდა დასხდეთ და შევთანხმდეთ თუ რომელი სტრატეგია ჯობს 2020 წლისთვის. რა თქმა უნდა, ორი აზრი არ არის, რომ ერთიანი კანდიდატები ძალიან კარგია, მაგრამ ამას სჭირდება ოპოზიციის შეთანხმება. ის, რომ მეორე ტურში პირველ ტურში გამარჯვებულ კანდიდატებს დავუჭიროთ მხარი, ესეც შეთანხმების მნიშვნელოვანი თემაა. შეიძლება ამაზე მოხდეს შეთანხმება, ეს არის კონსულტაციების საგანი. პრემიერობის კანდიდატი და ზოგადად, ჩრდილოვანი კაბინეტი ნიშნავს, რომ მოსახლეობას ეუბნები, ვინ უნდა გადაიბაროს აღმასრულებელი ხელისუფლება და კონკრეტულ სახელებსა და გვარებს დიდი მნიშვნელობა აქვს და ეს არის ძალიან დიდი დაფიქრების თემა და ამას წინასაარჩევნო პერიოდში გამოვაცხადებთ“, - აცხადებს უდუმაშვილი.
8 მარტს, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად დადებულ ხელშეკრულებით, ხელისუფლება და ოპოზიცია 2020 წლის არჩევნების 120/30-ზე საარჩევნო სისტემით ჩატარებასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე შეთანხმდნენ.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ თუ საპატიმროდან „მთავარი არხის“ მეწილეს გიორგი რურუას არ გაათავისუფლებენ, საკონსტიტუციო ცვლილებებში მონაწილეობას არ მიიღებენ.
მმართველი გუნდის წევრები კი ოპოზიციას უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მაინც მიიღებენ.