logo
ENG



რუსმა სამხედროებმა ატოცში საოკუპაციო ზოლის გასწვრივ ახალი საგუშაგო ააშენეს

07 ივნ 202016:59
3 წუთის საკითხავი
clock 1406

საოკუპაციო ზონაში რუსი სამხედროები ისევ გააქტიურდნენ. მათ სამი კაცი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟავადან გაიტაცეს.

ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები საქართველოს ხელისუფლებას საოკუპაციო რეჟიმის უკანონო ქმედებების დაფარვაში ადანაშაულებენ. მათი ინფორმაციით, სოფელ ატოცთან საოკუპაციო ზოლის გასწვრივ რუსებმა ახალი საგუშაგო ააშენეს. მოძრაობის წევრებმა  „ფორმულას“ ატოცის ტერიტორიაზე დრონით გადაღებული მასალა მიაწოდეს, რომელზეც ოკუპანტების მიერ აშენებული საგუშაგო ჩანს.

ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრების თქმით, ისინი ცდილობდნენ ახლადგახსნილი ე.წ. საგუშაგოები გადაეღოთ, რისი საშუალებაც მათ ქართველმა სამართალდამცველებმა არ მისცეს, ტერიტორია კი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. გარკვეული პერიოდის განმავლობაში მათ გადამღები ტექნიკაც ჩამოართვეს. რას აკეთებენ ოკუპანტები ადგილზე, ამის ამსახველი ვიდეომასალა "ფორმულამ" ექსკლუზიურად მოიპოვა.

„გვქონდა ინფრომაცია იმის შესახებ, რომ ოკუპანტები ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მუშაობდნენ ახალი საგუშაგო კოშკის გაკეთებაზე, გადავწყვიტეთ რომ ჩვენით გვენახა, გადაგვემოწმებინა, გამოვიყენეთ ჩვენი კონსტიტუციური უფლება გადაადგილებასთან დაკავშირებით და შევედით ატოცში. განვახორიელეთ მონიტორინგი, რის შედეგადაც მოვასწარით დაგვეფიქსირებინა უკვე დასრუებული საგუშაგო, რომელიც მდებარეობს ატოცი ქვემო ოქონას მიჯნაზე. ამის შემდეგ, როდესაც პოლიციამ შეიტყო ჩვენი იქ ყოფნის შესახებ მოხდა ძალიან სამარცხვინო ფაქტი, მოხდა ჩვენი უხეში ძალის გამოყენებით დაკავება, ხელების გადაგრეხა, გაგუდვა, ტელეფონების წართმევა და ა.შ. გავუსვამ კიდევ ერთხელ ხაზს იმას, რომ რუსები აქტიურად მუშაობენ საოკუპაციო ხაზთან და მეორე: ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რუსული საოკუპაციო რეჟიმი მუშაობდეს „მშვიდ გარემოში“, - განაცხადა დავით ქაცარავამ.

რაც შეეხება წალენჯიხის მუნიციპალიტეტიდან გატაცებულ სამ პირს, ფაქტს ადასტურებენ უსაფრთხოების სამსახურში. მათი თქმით, შესაძლო გატაცებასთან დაკავშირებით გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია სადამკვირვებლო მისიაც.

წალენჯიხის მერის ინფორმაციით, გატაცებული სამი პიროვნება მუჟავაში ე.წ. საზღვართან ცხოვრობენ.

„გატაცების ინფორმაციას ჯერჯერობით ვერ დაგიდასტურებთ, ჩვენც ვიცით ეს ინფორმაცია: არიან სოფელ ლილის მცხოვრებლები, სამი პიროვნებაა, ორი არის გვარად ლამანძია და ერთი კვირკვია. სავარაუდოდ, აფხაზებს ჰყავთ დაკავებული. არიან მუჟავაში ე.წ. საზღვართან“, - განაცხადა ბესო ფარცვანიამ.

 

 


close დახურვა