მმართველი გუნდის ყოფილი წევრები ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას აფუძნებენ.
ახალ ალიანსში ის დეპუტატები გაერთიანდებიან, რომლებმაც "ქართული ოცნება" პროტესტის ნიშნად დატოვეს და პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატების სტატუსით მუშაობდნენ. პოლიტიკური პარტიის "ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი" პრეზენტაცია დღეს იგეგმება. 350 დელეგატი მიიღებს ამ ღონისძიებაში მონაწილეობას.
პარტიის თავმჯდომარე იქნება ბექა ნაცვლიშვილი, ხოლო პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ ზვიად კვაჭანტირაძე დაინიშნება. პარტიაში ასევე იქნებიან მარიამ ჯაში, ლევან გოგიჩაიშვილი, გედევან ფოფხაძე და ჯაბა ჯიშკარიანი.
"მიმაჩნია, რომ 2012 წელს ჩვენ რისთვისაც გავერთიანდით და ვიბრძოდით, ის მიზანი და ის ბრძოლა არ არის ბოლომდე მიყვანილი და არ არის შედეგი მიღწეული. ამიტომ არ მიმაჩნია სწორად, თუ შედეგს ვერ მივაღწიეთ, სახლში უნდა წავიდეთ და ბრძოლაზე უარი ვთქვათ. მინდა, რომ ის პოლიტიკური ძალა რომლის ჯარისკაციც მე ვიქნები, სახალხო პოლიტიკური ძალა იყოს და მეც მომცეს საშუალება, რომ ვემსახურო ხალხს და ქვეყანას, და არა ვიღაცის კერძო ინტერესებს, ვინც არ უნდა იყოს ეს", - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
ალიანსის კიდევ ერთი წევრი ჯაბა ჯიშკარიანი მიიჩნევს, რომ ახალი ალიანსი საზოგადოებას ჩაკეტილი წრის გარღვევაში დაეხმარება.
"მოცემულობა, რაც ჩვენ გვაქვს - ორპოლუსიანი სისტემა და ის გამოწვევა, რაც არსებობს, რომ ის ორი ძალა ერთმანეთთან არის კომფორტულად, ეს არის ერთი ჯოხის 2 ბოლო, რომლებიც კვებავენ ერთმანეთს. დანარჩენ საზოგადოებას უნდა არჩევანი. ჩვენ გამოგვივა, რომ ეს ჩაკეტილი წრე გავარღვიოთ", - აღნიშნა ჯიშკარიანმა.
ამ შემადგენლობამ მმართველი გუნდი გასულ წელს დატოვა, მას შემდეგ რაც მოსამართლეთა არჩევის საკითხთან დაკავშირებით სკანდალი დაიწყო და ეკა ბესელიას კანონპროექტი პარლამენტმა ჩააგდო.