logo
ENG



5 ივნისი ბიუჯეტის წარდგენის ბოლო თარიღი იყო - მთავრობას ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტი პარლამენტში დღესაც არ წარუდგენია

08 ივნ 202020:36
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტის ტრიბუნიდან გაცემული კიდევ ერთი პირობა დაარღვია პრემიერმა. 5 ივნისი ბიუჯეტის წარდგენის ბოლო თარიღი იყო და ეს ვადაც ისე ამოიწურა, რომ მოლოდინის მიუხედავად, მთავრობის მაკონტროლებელმა საკანონმდებლო ორგანომ დოკუმენტი ვერ მიიღო. მთავარ ფინანსურ დოკუმენტს კანონმდებლები ჯერ  პარასკევს, შემდეგ კი დღეს ელოდნენ. თუმცა ბიუროს სხდომამდე 15 წუთით ადრე დღის წესრიგი შეიცვალა.

„ქართული ოცნება" პრობლემას არ აღიარებს, თუმცა ოპოზიცია ხვდება, რომ მმართველი გუნდი  რთულ მდგომარეობაშია. მთავრობა ბიუროკრატიულ ხარჯებს ვერ ამცირებს რადგან საარჩევნოდ ფული სჭირდება. პარტიულს კი შესაძლოა ქვეყნის ინტერესი შეეწიროს, რადგან აუცილებელ ხარჯებს  ხელისუფლება საგარეო ვალით იხდის, რაც ისევ მოქალაქეების ჯიბეს აწვება.

კორექტირებული ბიუჯეტის დროულად დამტკიცება ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამაზეა დამოუკიდებული სოციალური დახმარებების გაცემის ვადები. თუ მთავრობა დაპირებას ამჯერად მაინც შეასრულებს და დოკუმენტს ხვალ წარადგენს, დახმარებების გაცემა ერთ თვეში იქნება შესაძლებელი. რაც შეეხება  უკვე დარიგებულ ფულად დახმარებას, თუ ის ბიუჯეტის 5 პროცენტს აღემატება, კანონდარღვევად მიიჩნევა, კითხვები ამ მიმართულებითაც დაისმება.

კრიზისულ ბიუჯეტს ოპოზიცია საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დღიდან ელოდება, თუმცა უშედეგოდ. ანტიკრიზისულ გეგმას  ბიუჯეტის კორექტირება არ მოჰყოლია. ბიუჯეტზე მუშაობის პროცედურა საკმაოდ ხანგრძლივია. განხილვა თავდაპირველად კომიტეტებში დაიწყება, დოკუმენტი შესასწორებლად ისევ მთავრობას დაუბრუნდება - კენჭისყრაც ამის შემდეგ გაიმართება. რაც ნიშნავს იმას რომ ქვეყანას ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტი თვის ბოლომდე ისევ არ ექნება.

 


close დახურვა