logo
ENG



ჩემთან მიმართებით რეჟიმი რეპრესიულ ხასიათს ატარებს - ლაშა ჩხარტიშვილი

10 ივნ 202012:28
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ლეიბორისტული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის ლაშა ჩხარტიშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი განჩინებას წარმოადგენს, რის საფუძელზეც ჩხარტიშვილი ალუბლების ქუჩაზე დააკავეს. პროცესზე  მხარეები ვიდეომტკიცებულებებსაც წარადგენენ, ასევე დაიკითხება დაცვის მხარის მოწმეც. 

ლაშა ჩხარტიშვილი მიმდინარე პროცესს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და ამბობს, რომ მის მიმართ ივანიშვილის მთავრობა რეპრესიულ პოლიტიკას ატარებს.

„ნახევარ წელიწადში მესამედ პოლიტიკური პროცესი იმართება ჩემი, რეჟიმი გააქტიურდა და ჩემთან მიმართებით ეს რეპრესიულ ხასიათს ატარებს. შესაძლოა აღმოვჩნდე პოლიტიკურ პატიმრობაში იმიტომ, რომ ვცდილობდი გადამერჩინა ალუბლების ქუჩაზე ბაღი. ვპირდები ივანიშვილს და კალაძეს, ციხიდანაც არ მოვასვენებ", - აცხადებს ჩხარტიშვილი.

ლაშა ჩხარტიშვილს სოლიდარობას უცხადებენ სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები - „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილის თქმით, ქალაქში კალაძის მეთაურობით ეკოციდი მიმდინარეობს.

„უხერხულია, სადაც ანას ბაღს კალაძე აბეტონებს, ალუბლებს კალაძე აბეტონებს - ეკოციდია ჩვეულებრივი. თავად დაიწყეს მოყოლა, კიო, სისხლის სამართლის დანაშაულიაო მას შემდეგ, რაც ხეები დააბეტონეს და ახლა აპატიმრებენ ადამიანს, ვინც ამის წინააღმდეგ იბრძვის", - ამბობს ლევან ხაბეიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ლაშა ჩხარტიშვილი 25 მაისს ალუბლების ქუჩაზე დააკავეს. მას გამოძიება პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავება.


close დახურვა