logo
ENG



მოახლოებული 20 ივნისი - ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები აქციისთვის ემზადებიან, ხელისუფლება თავებს ითვლის

10 ივნ 202020:16
3 წუთის საკითხავი
 

 

ივანიშვილის გუნდს ოპონენტები მათემატიკის გაკვეთილების ხელახლა გავლას ურჩევენ. გავრილოვის სისხლიანი ღამიდან ერთი წლის შემდეგ დაგეგმილ აქციაზე წინასწარ ითვლის თავებს ირაკლი კობახიძე, - მისი არითმეტიკით, ანტისაოკუპაციო აქციაზე 200 ნაციონალი იქნება, არადა პროტესტი საყოველთაო და ზეპარტიულია

ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტები, რომლებიც სამოქალაქო აქტივისტებთან და  მოქალაქეებთან ერთად ანტისაოკუპაციო აქციებში მონაწილეობდნენ, ამბობენ, რომ ირაკლი კობახიძემ, რომელსაც რუსი დეპუტატის მასპინძლობისთვის ბოდიშიც არ მოუხდია,  დღეს უკვე საკუთარ მოქალაქეებს დასცინა. მათ შორის მათ, ვინც 20 ივნისის ღამეს საკუთარი ჯანმრთელობა შესწირა. ცინიკური ტონი პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს დღეს მისმა ყოფილმა თანაგუნდელებმაც დაუწუნეს, რომლებიც ერთი წლის წინ ჯერაც „ქართული ოცნების“ რიგებში იყვნენ.

ოპოზიციის ნაწილმა „ქართული ოცნების" ლიდერების ცინიკური ტონის განხილვა დღეს კომიკურ ჟანრში გადაწყვიტა. კობახიძეს მათემატიკური უნარები დაუწუნეს და დაპირდნენ, რომ არჩევნების შემდეგ, მის გასაუმჯობესებლად ბევრი დრო ექნება. 

რისი ეშინია ბიძინა ივანიშვილის გუნდს, თუ დემონსტრანტების რიგებში მხოლოდ ასეულობით თავს ხედავს?! 20 ივნისის აქციის მონაწილეები ფიქრობენ, რომ ხელისუფლება პროტესტის მასშტაბს დრონის უკიდურესი სიმაღლიდან აფასებს და აქციის დისკრედიტაციას მთელი ძალებით ცდილობს. 

ტატუკა ჯაფარიძე ანტისაოკუპაციო აქციების ერთ-ერთი მონაწილეა. გასული წლის ივნისში, ერთი-ერთი პირველი იყო, რომელმაც ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატის უმაღლეს საკანონმდებლო ტრიბუნასთან მასპინძლობა ქუჩაში გააპროტესტა. ამ ფაქტს შეწირული პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის დამცინავი განცხადება დღეს ყურადღების მიღმა არ დარჩენია. ფიქრობს, რომ ე.წ. გავრილოვის ღამეზე პასუხისმგებელი მაღალჩინოსნები ამ ფორმით საკუთარი ბრალეულობის გადაფარვას ცდილობენ და მისთვის უხერხულია როდესაც მოქალაქეებს ანტისაოკუპაციო აქციებში მონაწილეობის გამო თავის მართლებას აიძულებენ. 

ანტისაოკუპაციო აქციების მონაწილეები , 20 ივნისს ისევ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან შეკრებას გეგმავენ. ამის შესახებ თბილისის მთავრობას უკვე აცნობეს. 10 დღეში აქციის მისამართზე დაწყებული ეს სარეაბილიტაციო სამუშაოები არ დასრულდება, ამტომ პარლამენტთან მოსულებს ეს სურათი დახვდებათ და აქციისთვის მიმდებარე სივრცეების გამოყენება მოუწევთ.

ე.წ. გავრილოვის ღამის ერთ-ერთ ანტიგმირად ქცეულმა გიორგი გახარიამ დღეს ერთი წლის წინანდელი მოვლენების შეფასება არ ისურვა. არც მისი თანგუნდელის, ირაკლი კობახიძის დაცვა უცდია.   

ე.წ. გავრილოვის ღამიდან, რომლის შედეგია ასობით დაშავებული და დაკავებული ადამიანი, ერთი წელი ზუსტად 10 დღეში სრულდება. აქტივისტები  პანდემიის გამო,  მთავარ გამზირზე სპეციალური ნიშნულების გაკეთებას გეგმავენ და შეეცდებიან აქცია დისტანციის დაცვით ჩაატარონ. 


   


 


close დახურვა