logo
ENG



30 ივნისს ეს ამბები არ უნდა გამოტოვო

30 ივნ 202008:57
3 წუთის საკითხავი
clock 1713
2kvse9pbysjx258.jpg

ფორმულას საინფორმაციო გამოშვებების ციფრული და სოციალური მედიის გუნდი გთავაზობთ 30 ივნისის მნიშვნელოვან მოვლენებს

 

ივანიშვილმა თავისივე ფონდს იპოდრომი მიჰყიდა

საქველმოქმედო ფონდმა ქართუმ ძველი იპოდრომის მთლიანი ტერიტორია 60 მილიონ ლარად ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიისგან, ინვესტ კაპიტალისგან იყიდა. რას უპირებს ოლიგარქი ქალაქის მწვანე სივრცეს ჯერჯერობით უცნობია. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ ივანიშვილი საარჩევნოდ თანხის მობილიზებას ახდენს და ფულს ათეთრებს. 

 

შეუსრულებელი შეთანხმება

სამოქალაქო აქტივისტები გიორგი რურუას გათავისუფლების მოთხოვნით პერმანენტულ აქციებს აანონსებენ. სამოქალაქო მოძრაობებში მიაჩნიათ, რომ 8 მარტის შეთანხმების სრულად შესასრულებლად რურუამ სასჯელაღსრულების დაწესებულება უნდა დატოვოს. აქტივისტები ბრძოლის გაგრძელებას იქამდე აპირებენ, სანამ მათი მოთხოვნა არ შესრულდება. 

შეგახსენებთ, პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით უკვე დაამტკიცა, მაგრამ გიორგი რურუა კვლავ პატიმრობაში რჩება. სწორედ ამიტომ, ოპონენტები 8 მარტს ფასილიტატორებთან ერთად მიღწეულ შეთანხმებას ნახევრად შესრულებულს უწოდებენ და ფიქრობენ, რომ ოლიგარქი მმართველი იძულებული გახდება შეთანხმება სრულად შეასრულოს. მმართველ გუნდში კი საპირისპიროს ამტკიცებენ და ამბობენ რომ შეთანხმება მხოლოდ „ევროპულმა საქართველომ" და „ნაციონალურმა მოძრაობამ" დაარღვია. 

 

შაქარაშვილის საქმე

ადვოკატ გიორგი გელხაურის თქმით, ოქროს მოწმემ, გურამ ამირხანაშვილმა 4 ურთიერთგამომრიცხავი ჩვენება მისცა, რის გამოც, სასამართლოს არ აქვს უფლება, ის მტკიცებულებად გამოიყენოს. გიორგი შაქარაშვილის ბიძის, მირიან ნიკოლაძის თქმით, საქმის დეტალების გამოძიება ამ ეტაპზე ხიდის მომენტზე მიდის და ამ დრომდე მნიშვნელოვანი დეტალები არ იკვეთება. 

 

პოლიტიკური დევნა ბაჩანა შენგელიაზე

ნოტარიუს ბაჩანა შენგელიას ფეისბუქ პოსტის გამო სანოტარო საქმიანობა შეუჩერეს. იუსტიციის სამინისტროსგან მიღებული ოფიციალური დოკუმენტიდან შენგელიასთვის გაუგებარია, თუ რომელი ფეისბუქ პოსტის გამო დაიწყო უწყებამ მის მიმართ საქმის წარმოება, ამიტომ ფაქტს პოლიტიკურ დევნად აფასებს. 

იუსტიციის სამინისტროში შენგელიასგან ახსნა-განმარტებას ელოდებიან, თუმცა თავად შენგელია ახსნა-განმარტების მოთხოვნას უწყებისგან თავად აპირებს. საია მზადაა შენგელიას იურიდიული დახმარება გაუწიოს. სულხან სალაძეს უკვე ჰქონდა პირველი კომუნიკაცია ბაჩანა შენგელიასთან. 

 

არჩევნები და პანდემია

პარლამენტში საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები და პანდემიის პირობებში არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარების პირობები განიხილეს. ოპოზიციის წარმომადგენლების განმარტებით, აუცილებელია საარჩევნო უბნების გარე ტერიტორიაზე აიკრძალოს ჯგუფების მობილიზება, ვინაიდან არ მოხდეს ამომრჩევლის გადაწყვეტილებაზე ზეწოლა. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ არჩევნები ისე ჩაივლის, რომ არ გახდეს ეპიდაფეთქების წყარო. 

 

დასავლელი ლიდერები საქართველოს ისტორიულ დღეს ულოცავენ

პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას საქართველოს დასავლელი პოლიტიკოსები ულოცავენ. ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელ „ტვიტერში” წერს, რომ გადადგმული ნაბიჯი დემოკრატიასა და საპარლამენტო პლურალიზმს განამტკიცებს. ლინას ლინკევიჩუსი ამბობს, რომ პროპორციული წარმომადგენლობა და მრავალფეროვანი პოლიტიკური მოსაზრებებისთვის კარის გახსნა პოზიტიური, წინ გადადგმული ნაბიჯია მოახლოებული არჩევნებისთვის. 

საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას ქართველ ხალხს ულოცავს კურტ უოლკერი. ამერიკელი დიპლომატი მიიჩნევს, რომ საარჩევნო რეფორმა დემოკრატიას განამტკიცებს. მილოცვას უერთდება „რესპუბლიკელი" მარკუეინ მალინიც და განმარტავს, რომ ეს ნამდვილი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე უდიდესი ნაბიჯია.

 

COVID-19 საქართველოსა და მსოფლიოში

926 დადასტურებული შემთხვევა, მათგან 791 გამოჯანმრთელებული და 15 გარდაცვლილი - ასეთია საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი. სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ 229 პაციენტი რჩება, კარანტინში კი 2809 პირი.

მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 10.4 მილიონს აღემატება. მათგან, ვირუსი 5.6 მილიონზე მეტმა პაციენტმა უკვე დაამარცხა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა 508 ათასს აჭარბებს. ამ დროისთვის 57 700-ზე მეტი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.

 

ახალი გრიპი ახალი პანდემიის პოტენციალით

ჩინეთში მეცნიერებმა გრიპის ახალი შტამი აღმოაჩინეს, რომელსაც პანდემიის გამოწვევა შეუძლია. ცოტა ხნის წინ გაჩენილი შტამის მატარებლები ღორები არიან, თუმცა დაავადება ადამიანსაც გადაეცემა.

მეცნიერების თქმით, ვირუსს ყველა ნიშანი აქვს, რომ ადაპტირებული იყოს ადამიანების ინფიცირებისთვის. მას შეუძლია მუტაცია განიცადოს და ადამიანიდან ადამიანზე გადადების რისკი გაიზარდოს. მკვლევართა განცხადებით, გრიპის ახალ შტამს მჭიდრო დაკვირვება სჭირდება, ვინაიდან ვირუსი ახალია და ადამიანების უმეტესობას მასზე იმუნიტეტი არ ექნება.


close დახურვა