30 იანვრის გადაცემა „თითქმის ყოველდღე მიშა მშვილდაძესთან“ წამყვანმა ამერიკელი სენატორების მიერ გამოგზავნილ წერილზე მონოლოგით დაიწყო.
„კონგრესმენების შემდეგ ამჯერად, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ რესპუბლიკელმა სენატორმა ჯიმ რიშმა და ამავე კომიტეტის ევროპის ქვეკომიტეტის დემოკრატმა ლიდერმა ჯინ შაჰინმა გაგვაკრიტიკეს. მთელს წერილს არ წაგიკითხავთ, მხოლოდ 1 ფრაზას გეტყვით ამ წერილიდან და ესეც საკმარისია: ჩვენ შეიძლება მოგვიწიოს ჩვენს პარტნიორობას გადავხედოთ. ანუ, ასე თუ გააგრძელებთ, ვეღარ ვიმეგობრებთო.
ხედავთ თქვენ რა ხდება? - აქამდე ოცნების მთავრობის პროპაგანდისტული მედიის და ტროლ ბოტობის მთავარი პასუხი იყო - ცალკეული კონგრესმენები გვწერენ ამერიკის ოფიციალური პოზიცია კი არ არისო ეგეთიო, ანუ, ტრამპსაც ჰყავს თავისი მეამბოხე დაჩი ბერაიებიო - აქ კი ჯერ კიდევ შინაურულ წერილში ამერიკელი სენატორები გახარიას ოფიციალურად აფრთხილებენ - პატრნიორობის გადახედვა მოგვიწევსო,“ - განაცხადა მიშა მშვილდაძემ.
მიშა მშვილდაძე ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოში კელი დეგნანის დანიშვნასაც გამოეხმაურა.
„ქართულ ოცნებას კონგრესმენებისა და სენატორების კრიტიკა არ ეყოფოდა, ამერიკამ ახალი ელჩიც დაგვინიშნა – კელი დეგნანი. დეგნანმა უკვე ელჩის ფიციც დადო. ჩემი აზრით, კელი დეგნანს მეორე ფიციც უნდა დავადებინოთ, რომელიც აქ მუშაობას გაუადვილებს. ტექსტიც მზად გვაქვს:
მე, კელი დეგნანი,
ვაცნობიერებ, რომ მთავრობის გაკრიტიკების ნებისმიერი მცდელობა, კობახიძისგან ნაცის დაძახებით დამთავრდება და ვფიცავ, გამოვიჩენ დიპლომატიურობას და არაფერს ვუპასუხებ.
ვფიცავ, რომ მდინარაძის და თალაკვაძის განცხადებებს ყურადღებას არ მივაქცევ, შევხვდები, გავუღიმებ, ეგ იქნება და ეგ.
ვფიცავ, რომ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას მაქსიმალურად გავაჯანჯლებ. ბოლოს ან მე ამომეწურება ვადა, ან იმას, ან რაღაც იქნება.
ვფიცავ, რომ პატრიოტთა ალიანსის აქციებს ყურადღებას არ მივაქცევ. ვფიცავ, რომ გავსინჯავ ყველაფერს, რასაც ძალით დამიდებენ თეფშზე. ღმერთო დაიფარე ამერიკა და მეც. მეც ძალიან მჭირდება,“ - აცხადებს გადაცემის წამყვანი თავის მოლოგში.
მიშა მშვილდაძის განცხადებით, კელი დეგნანს სალომე ზურაბიშვილთან ურთიერთობაშიც უნდა დავეხმაროთ და გავაფრთხილოთ, რომ თუნდაც ისწავლოს ქართული ენა, სალომეს საუბარს მაინც ვერ გაიგებს. ამიტომ, სალომეს გამონათქვამებს ჩვენ ვთარგმნით ინგლისურად, სპეციალურად ამერიკის ელჩისათვის:
„Anywhere you dig, everywhere you may – სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო
We have neither army, nor weapon, and we will never have – არც ჯარი გვაქვს, არც შეიარაღება, არც გვექნება.
President should be with people, but still above them – პრეზიდენტი უნდა იყოს ხალხთან, მაგრამ მაინც ზევით უნდა იყოს,“ - აცხადებს მიშა მშვილდაძე.