საეკლესიო გადატრიალებაზე სკანდალური ბრალდებების ავტორი მეუფე პარლამენტში შეხვედრებს მართავს. ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი პარლამენტის თავმჯდომარემ დახურულ ფორმატში მიიღო, ისე, რომ შეხვედრის მონაწილეებს არ განუმარტავთ, რაზე თანხმდებიან საერო და სასულიერო ხელისუფლება წინასაარჩევნოდ. ფორმულამ გაარკვია, რომ ამჯერად საპატრიარქოსა და მმართველ გუნდს, ოქროს ფონდი აერთიანებთ.
ხელოვნების მუზეუმის ისტორიული შენობა ბიძინა ივანიშვილის პანორამა თბილისის პროექტში მოექცა და შეუფასებელმა ექსპონატებმა ადგილი უნდა იცვალოს - საკითხზე კომისია მსჯელობს, რომლის წევრიც მეუფე იაკობია, მმართველი პარტიის კვოტით კი შემადგენლობაში მოხვედრაა გია ვოლსკის სურს. ეწირება თუ არა კიდევ ერთი ისტორია არაფორმალური მმართველის სურვილებს, - ამ კითხვაზე პასუხი დღეს ოფიციალურ პირებს არ გაუციათ.
სამღვდელოების წარმომადგენლების ვიზიტის ამსახველი კადრები პრაიმ ტაიმის ჟურნალისტმა შემთხვევით გადაიღო, პარლამენტში მისვლიდან რამდენიმე ხანში შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ, მამა კირიონმა ფორმულას დაუდასტურა,რომ საკანონმდებლო ორგანოში ოქროს ფონდის თემაზე მსჯელობდნენ.
ხელოვნების მუზეუმიდან ოქროს ფონდის გადატანის შესახებ კომისიის შექმნას ადასტურებს საგანძურის დაცვის საინიციატივო ჯგუფის წევრი ნინო მიქიაშვილი,რომელიც უკვე მრავალი წელია ექსპონატების გადატანას აპროტესტებს. ნინო მიქიაშვილი ფიქრობს,რომ მდგომარეობას მუზეუმში განგებ ამძიმებენ, იმისათვის,რომ საგანძურის გადატანა აუცილებელი გახდეს.
ოქროს ფონდის კომისიის შექმნის შემდეგ გაჩნდა კითხვები, შესაძლოა თუ არა უკავშირდებოდეს, მუზეუმის დაცლა ბიძინა ივანიშვილის პანორამა თბილისს. ამ კითხვებს პასუხი კომისიის წევრებმა უნდა გასცენ, პარლამენტის თავმჯდომარე ამ დრომდე დუმს, ინფორმაციას ეროვნული მუზეუმის პრესსამსახური არ ადასტურებს. ეროვნულმა მუზეუმმა ოქროს ფონდის ექსპონატების შესანახად სივრცეები უკვე შეარჩია, მიუხედავად იმისა რომ აღმწერ კომისიას სამუშაოები არ დაუსრულებია.
სპეციალისტებისთვის საინტერესოა სად გადაინაცვლებს ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდის ის ექსპონატები, რომელსაც გამოყოფილი ორი სივრცე ვერ დაიტევს და ვერც სათანადოდ შეინახავს. ასევე უცნობია, კვლავ მოითხოვს თუ არა საპატრიარქო ოქროს ფონდში დაცული რელიგიური სიწმინდეების მათთვის გადაცემას.