ოპოზიციურ სპექტრში ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ინიციატივასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა. პოლიტიკოსების ნაწილი არჩევნებზე მრავალპარტიულობას ემხრობა, შეთანხმებისა და ერთიანობის რესურსს კი მხოლოდ მაჟორიტარულ ნაწილში ხედვას.
პარტიაში „ლელო საქართველოსთვის“ აცხადებენ, რომ პარტიას ქვეყნის დემოკრატიასთან დაკავშირებით თავისი გეგმები აქვს და ისინი მესამე პრეზიდენტის ინიციატივას არ იზიარებენ.
„სააკაშვილს აქვს თავისი გზა, დანარჩენ ოპოზიციებს აქვთ თავისი გზა, სააკაშვილს შეიძლება ჰქონდეს არჩეული მეთოდი ივანიშვილთან ბრძოლისა, ხოლო ლელო საქართველოსთვის აქვს თავისი გზა. ჩვენ გვაქვს ჩვენი გეგმა თუ როგორ განვაახლოთ ქართული დემოკრატია, ჩვენ ამ ხედვას ვადგენთ ჩვენს საზოგადოებასთან ერთად და ვფიქრობთ, რომ ეს გზა არის სწორი“, - განაცხადა გრიგოლ გეგლიამ.
მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას არარეალისტურად მიიჩნევს, „ერთიანი საქართველოს“ წევრი, ანზორ ბიწაძე. მისი თქმით, ოპოზიციის ძალა მრავალფეროვნებაშია და საერთაშორისო პარტნიორებიც ამ პროცესს მხარში სწორედ იმიტომ დაუდგნენ, რომ ქვეყანაში პოლარიზაციის პროცესი არ დაწყებულიყო.
„ეს განცხადება არის არარეალისტური, ოპოზიციის ძალა სწორედ მრავალფეროვნებაშია და ოპოზიციამ მრავალფეროვანი არჩევანი უნდა შესთავაზოს ამომრჩეველს 31 ოქტომბერს, იმისთვის რომ გავუშვათ ქართული ოცნება ოპოზიციაში. აქ ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის ფასილიტატორი ელჩების და საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიცია, რომლებიც სწორედ იმიტომ დაუდგნენ ამ პროცესს გვერდით, რომ არ მოხდეს საქართველოში რადიკალური პოლარიზაცია წინასაარჩევნოდ, რაც ქვეყანას არ სჭირდება. ამიტომ ეს განცხადება არის არარელისტური, ოპოზიცია უნდ აიყოს მრავალფეროვანი“, - აცხადებს ანზორ ბიწაძე.
შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციურ პარტიებს ერთიანი საარჩევნო სიის შექმნისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მან ვიდეომიმართვა ფეისბუკზე გაავრცელა.