„ლელო საქართველოსთვის“ წევრი, დავით უსუფაშვილი, ქავთარაძის ქუჩაზე რუსეთის მოქალაქის დაკავების საკითხს გამოეხმაურა, რომელიც „ფორმულას“ ინფორმაციით, ჟურნალისტი, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციისთვის იყო ჩამოსული.
როგორც უსუფაშვილმა გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ განაცხადა, აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან საქმე სწრაფად და ხარისხიანად იქნეს გამოძიებული.
ასევე უსუფაშვილის თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უნდა უზრუნველყოს საზოგადოების დროული ინფორმირება.
„ფორმულას ეს ინფორმაცია რომ მოვისმინე, რა განცდა გამიჩნდა - სავსებით შესაძლებელია, რომ ასე განვითარებულიყო მოვლენები, ისეთ გარემოში ვცხოვრობთ ისეთი მეზობელი გვყავს, დიდი მეზობელიც და იმ დიდ მეზობელში კიდევ პატარა მეზობელიც, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს საქმე იქნეს ძალიან დროზე, სწრაფად და ხარისხიანად გამოძიებული. ამიტომ გვჭირდება ჩვენ სანდო სპეცსამსახურები, რომელთა მიერ ჩატარებული ოპერაციების თაობაზე იმ ტიპის კითხვები კი არ ჩნდება, რაც მაჩალიკაშვილის ცნობილ საქმესთან გაჩნდა და პასუხგაუცემელი დარჩა, არამედ ის რომ ჩვენ გვყავს სპეციალური ქვედანაყოფები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეების და ქართული სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე ზრუნავენ. ზოგადად ეს არის ავადმყოფობა ჩვენი, პროკურატურის, პოლიციის სპეცსამსახურების, ინფორმაციის მენეჯმენტს ახდენენ უცნაურად და გაუგებრად და არა ისე, როგორც ამას მოითხოვს მდგომარეობა. მსგავსი მოვლენები მხოლოდ საქართველოში არ ხდება, მაგრამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვალეობა სახელმწიფოსი არის საზოგადოების დროული ინფორმირებულობა“,-განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
შეგახსენებთ, „ფორმულას“ ინფორმაციით, ქავთარაძის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული პირი რუსეთის მოქალაქეა და ის საქართველოში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციისთვის იყო ჩამოსული.