logo
ENG



ვარკეთილის ბაზრობაზე ხანძარია - (განახლებადი)

15 ივნ 202022:47
3 წუთის საკითხავი
 

01:58 - შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

00:39 - ვარკეთილში მისულია საკრებულოს წევრი ლევან ხაბეიშვილიც - მისი თქმით, გამოძიება ბოლომდე უნდა მივიდეს და დაზარალებულებს ზარალი უნდა აუნაზღაურდეთ.

საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ აცხადებს, რომ აქამდე არცერთი ბაზრის დაწვაზე გამოძიება ბოლომდე არ მისულა და მტავრობის იმედი მას არც ახლა აქვს.

„არცერთ ბაზრის დაწვაზე გამოძიება არ ჩატარებულა - რთულია დაჯერება, რომ მართლა შემთხვევით დაიწვა. რატომ არ იყო წესები დაცული. უსაფრთხოებას რატომ არ უზრუნველყოფენ. მოვაჭრეები იხდიან დიდ თანხას, მაგრამ არ იკლებენ ამ თანხას მფლობელები. მნიშვნელოვანია, რომ სწრაფად დაეხმარონ, კომისიებს რომ ქმნიან და სასამართლოებში არბენინებენ. სახელმწიფომ ახლა პრადოებში კი არ უნდა ხარჯოს თანხა - ამ ადამიანებს სწრაფად უნდა დაეხმარონ. წინა გამოცდილებიდან გამომდინარე, არ მახსოვს მოვაჭრეებს დახმარებოდნენ. იმედია ეს შემთხვევა ასე არ იქნება - სურვილი მაქვს, ბედის ანაბარა არ დატოვონ. უნდა მოხდეს ზარალის დათვლა და შემდეგ აუნაზღაურდეთ. ეს ხალხი ქმნის ეკონომიკა, ამიტომ მნიშვნელოვანია ამ ხალხის დახმარება", - განაცხადა ლევან ხაბეიშვიილმა.

00:29 - თბილისის მერის მოადგილის თქმით, ვარკეთილში ხანძარი ლოკალიზებულია - ილია ელოშვილის განმარტებით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

მერის მოადგილის თქმით, ზარალი ყველას აუნაზღაურდება.

„ხანძარი იყო 1000-1500 კვადრატულ მეტრზე - ის არის სრულად ლოკალიზებული. გავრცელების საშიშროება აღმოფხვრილია. შევხვდებით მოსახლეობას და გავიგებთ, რა არის ზარალი. საბედნიეროდ, დაღუპულები არ გვყავს - შეიძლება დაზიანება იყო, მაგრამ მსხვერპლი არ არის. ქალაქის მერია დაუდგება მათ გვერდში, კონკრეტულად რა ფორმით, ვერ გეტყვით. ზარალს ხვალ დაითვლიან და გვეტყვიან. ყველას აუნაზღაურდება ზარალი, როგორც აქამდე ყველა ჯერზე", - განაცხადა ილია ნელოშვილმა.

00:18 - ხალხმრავლობის გამო ერთი ადამიანი შეუძლოდ გახდა - ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

00:10 - საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ვაჟა სირაძე აცხადებს, რომ ვარკეთილში გაჩენილი ხანძრით დაშავებულებზე ინფორმაცია არ ვრცელდება.

მისი თქმით, მობილიზებულნი არიან როგორც საპატრულო, ისე სახანძრო ბრიგადები.

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს ჩაქრობითი სამუშაოები, მობილიზებულია ბრიგადები, პერიმეტრზე უსაფრთხოება უზრუნველყოფილია, დაშავებულები არ არიან. დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით", - განაცხადა ვაჟა სირაძემ.

00:05 - შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ინფორმაციით, არ არსებობს ხანძრის გავრცელების საფრთხე.

„მუშაობდა 25 სახანძრო ავტოცისტერნა, სამაშველო ჯგუფები და სპეცკიბე. ამ დროისთვის დაშავებულებზე ინფორმაცია არ გვაქვს. ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არის. იყო საფრთხე, გადასულიყო ბენზინგასამართ სადგურსა და გვერდზე უფრო დიდ ბაზრობაზე. ჩვენი მოსვლის დროს ხალხი გამოყვანილი იყო", - ამბობს შსს-ს წარმომადგენელი.

00:04 - მოვაჭრეები აცხადებენ, რომ ხანძარი ხელოვნურადაა გაჩენილი.

„სპეციალურადაა გაკეთებული. ბევრია გამწარებული, ადგილები დაკარგეს, არ ვიცი ვინ გააკეთა. მითხრეს, რომ ბაზრობა იწვება და მოვვარდი ორთაჭალიდან. 15 ათასი ლარის იქნება საქონელი, ბანკი ახალი გამოტანილი მქონდა სუნამოები", - ამბობს ერთერთი მოვაჭრე.

23:57 - ბაზრობაზე მომუშავე მოვაჭრეებს უფლება მიეცათ, გამოეტანათ მათ ჯიხურებში არსებული საქონელი.

22:47 - ვარკეთილში შერეული ტიპის ბაზრობაზე ხანძარია - ცეცხლი ჯიხურებს უკიდია.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტში აცხადებენ, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ადგილზე მობილიზებულია 13 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.


close დახურვა