განათლების სამინისტროსთან სტუდენტები საპროტესტო აქციის გასამართად იკრიბებიან, ისინი მეორე სემესტრის სწავლის საფასურის გადახდას ითხოვენ.
ორგანიზაცია „სტუდენტური ომბუდსმენის“ წევრები განათლების სამინისტროს მიმართავენ, რომ გაითვალისწინოს სტუდენტების მდგომარეობა და იმ სტუდენტებს, რომლებიც კორონავირუსისგან გამოწვეული კრიზისიდან გამომდინარე, მეორე სემესტრის სწავლის საფასურის გადახდას ვერ ახერხებენ სწავლის საფასური აუნაზღაურდეთ.
სტუდენტები ამბობენ, რომ განათლების სამინისტროს ბიუჯეტიდან ყველაზე დიდი თანხა 127 მილიონ 700 ათასი ლარი მოაკლდა ზოგადი და სკოლამდელი განათლების პროექტებს, ასევე უმაღლესი განათლების, პროფესიული განათლების სამეცნიერო კვლევებსა და ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც 2020 წელს იყო დაგეგმილი.
მათივე განცხადებით, კარგი იქნებოდა თუ სამინისტრო სამივლინებო ხარჯებსაც გადახედავდა და ამ მიმართულებითაც გამოთავისუფლდებოდა თანხები, რომლის მეშვეობითაც სტუდენტების სწავლის საფასურის დაფარვა მოხდებოდა.
„ამ ჩამონათვალში ჩვენ ვერსად ვერ ვნახეთ მაგ. მივლინებების ხარჯების შემცირება, რომლებიც ლოგიკურია პანდემიიდან გამომდინარე აღარ იქნება. ვერ ვნახეთ ინფორმაცია სახელფასო თანხების შემცირებასთან დაკავშირებით. როდესაც მინისტრი გადაადგილდება 100 ათას ლარიანი ავტომობილით და სამინისტროს ამ ავტომობილის შენახვა ათასობით ლარი უჯდება, ასევე, სამინისტროს ბალანსზეა 46 ავტომობილი, რომლის ჯამური ღირებულება მილიარდ ლარზე მეტია, მივმართავთ განათლების მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს, გამოვიდნენ კომფორტის ზონიდან მოიკლონ ხელფასები, დათმონ ავტომობილები და ამის ფონზე მოახდინონ განათლების ბიუჯეტის შემცირება“,- აცხადებს "სტუდენტური ომბუდსმენის" დამფუძნებელი თაკო მეტრეველი.