logo
ENG



ბაგრატიონის ქუჩის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ ლიფტი, რომელიც გუშინ ჩაწყდა, მერიას უნდა შეეცვალა

17 ივნ 202008:21
3 წუთის საკითხავი
 

ბაგრატიონის ქუჩის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ ლიფტი, რომელიც გუშინ ჩაწყდა, ბოლო პერიოდის განმავლობაში დაზიანებული იყო. მათი თქმით, ლიფტი მერიას უნდა შეეცვალა, თუმცა საკითხი არავის მოუგვარებია.

„ოთხი ადამიანი იყო ლიფტში, რომელიც ჩაწყდა მეცხრე სართულიდან. ვნახულობდი როგორ გაჰყავდათ საკაცეებით ეს ადამიანები. ლიფტს ჰქონდა პრობლემა და მეც რომ ავდიოდი, განსაკუთრებით ბოლო თვეებში ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ცოტა ირყეოდა ხოლმე. თავიდან, როცა ეს სახლი აშენდა, ძველი ლიფტი დამონტაჟდა და მას შემდეგ ბევრი წელია არავის გამოუცვლია. წესით მერიას უნდა გამოეცვალა“, - განაცხადა ბაგრატიონის ქუჩის მცხოვრებელმა თამარ ჯაყელმა.

შეგახსენებთ, თბილისში, ბაგრატიონის ქუჩის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მე-9 სართულიდან ლიფტი ჩამოწყდა. შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. ლიფტში მოყვნენ კორპუსში მცხოვრები მამა-შვილი, მათი მეზობელი და მისი მეგობარი.  დაშავებულები  სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებმა სხვადასხვა  კლინიკებში გადაიყვანეს. ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა.


close დახურვა