არანაირი უფლება არ მაქვს დავადანაშაულო სხვა ქვეყანა სანამ გამოძიების შედეგები არ გვეცოდინება, - ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის საქმეში, კვალი რომ კრემლამდე მიდის, პრეზიდენტს არ სჯერა. სალომე ზურაბიშვილს კითხვები აქვს თუმცა რა - არ უთქვამს. არადა საქმის დეტალები ცნობილია - დაკავებული ვასამბეკ ბოკოვი რამზან კადიროვის „სიკვდილის რაზმის წევრია"; ჩეჩნეთის ლიდერი კი, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ვასალი.
ამ უტყუარი მოცემულობის მიუხედავად, ოკუპანტი ქვეყნის დადანაშაულებას „ქართულ ოცნებაში" თითქმის ყველა გაურბის, მათ შორის არის ირაკლი კობახიძეც. პარლამენტის ყოფილმა სპიკერმა კრემლის ნაცვლად შტურმი ისევ ოპონენტებზე მიიტანა. კობახიძის ნათქვამი მოგვიანებით მისმა თანაგუნდელებმაც განავრცეს - ოპოზიცია კრემლთან გააიგივეს და ქვეყნის მტრად ქართველი პოლიტიკოსები გამოაცხადეს.
„ქართული ოცნების" პოლიტიკა კრემლის ინტერესებს ემსახურება - მმართველი პარტიის განცხადებებს „ევროპულმა საქართველომ" საგანგებო ბრიფინგი მიუძღვნა. პარტიის ლიდერი ამბობს, რომ ივანიშვილის გუნდი ქვეყნის წინააღმდეგ პროპაგანდისტულ, მტრულ პოლკიტ6იკას ეწევა, პუტინის დადანაშაულების ნაცვლად ხელს ოპოზიციისკენ იშვერს და ქვეყნის უსაფრთხოებას რისკავს.
ვითარება რომ საგანგაშოა, ასე მხოლოდ „ევროპული საქართველო" არ ფიქრობს. ოპოზიცია, სრული შემადგენლობით, ეჭვობს, რომ კრემლი ტერაქტისთვის ემზადება. უმძიმეს დანაშაულს მთავრობის უმკაცრესი რეაგირება სჭირდება, პირველ რიგში საერთაშორისო ასპარეზზე. გიორგი გაბუნიას საქმე ისეთივე რეზონანსული უნდა გახდეს როგორც მაგალითად სკრიპალების მოწამვლა იყო. თუმცა ოპოზიცია „ქართული ოცნებისგან" ადეკვატურ ნაბიჯებს ვერ ხედავს - მეტიც მთავრობის პოლიტიკას „მონურს" უწოდებს.
ამ ყველაფრის ფონზე კი საერთაშორისო ასპარეზზე რეაგირება იგვიანებს. პარტნიორებისთვის ჯერ ხელისუფლების არცერთ შტოს მიუმართავს. მათ შორის არც დიპლომატიურ უწყებას. საგარეო საქმეთა სამინისტრო მხოლოდ წერილობითი განცხადებით შემოიფარგლა და რუსეთის კრიტიკა ვერც აქ მოხვდა.