ანა დოლიძემ, ალეკო ელისაშვილმა და ლევან კობერიძემ ახალი პოლიტიკური პლატფორმა დღეს ოფიციალურად დააარსეს და ხელი თანამშრომლობის მემორანდუმსაც მოაწერეს. ახალი გაერთიანების მიზნად კი - პოლარიზებული პოლიტიკური სივრცის საპირისპიროდ, ახალი დღის წესრიგის შექმნა და მსჯელობისთვის თანამოაზრეების გაერთიანება დაასახელეს.
ახალ გაერთიანებაში არ გამორიცხავენ რომ პლატფორმა პოლიტიკურ პარტიად იქცეს, თუმცა რა ფორმით მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას ჯერ არ აკონკრეტებენ. ალეკო ელისაშვილმა დატოვა ოპოზიციის შეხვედრების ფორმატი საარჩევო საკითხებზე და არც იმას აკონკრეტებს იქნება თუ არა მაჟორიტარობის კანდიდატი თბილისის რომელიმე ოლქში. გაერთიანების წევრები იმ პარტიებსა და პოლიტიკოსებსაც ასახელებენ, ვისთან თანამშრომლობასაც გეგმავენ.
ახალი პლატფორმის მიერ დასახელებულებიდან ინიციატივას არ გამოხმაურებიან დეპუტატები, რომლებმაც „ქართული ოცნება“ პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდების შემდეგ დატოვეს. პარტია „ლელოში“ კი პლატფორმის შექმნას მიესალმებიან და მასთან თანამშრომლობას გეგმავენ.
საარჩევნო საკითხებზე გაერთიანებული ოპოზიციის წევრები კი ახალ პლატფორმასთან რამე სახის კონსულტაციებს არ ადასტურებენ. მათთვის მნიშვნელოვანია არჩევნებზე მმართველი ძალის დამარცხება, ოპოზიციის ერთიანობას კი გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებენ.
„ქართული ოცნებისთვის“ კი ეს გაერთიანება უცნაურია, რადგან საერთო ღირებულებების გარშემო მათი გაერთიანება კითხვის ნიშნებს უჩენს.
ახალი პლატფორმის პრეზენტაციაზე დღეს ანა დოლიძეს პასუხების გაცემა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კიდევ ერთი არამოსამართლე წევრის - ნაზი ჯანეზაშვილის კრიტიკაზე მოუწია. კოლეგამ ის პოლიტიკური საქმიანობის გამო გააკრიტიკა და თქვა, რომ ანა დოლიძე კონსტიტუციის შესაბამისად, დამოუკიდებლობას უნდა ინარჩუნებდეს. საპასუხო ბრალდებები წაუყენა ნაზი ჯანეზაშვილს ანა დოლიძემ და სასამართლო კლანის კამპანიაში მონაწილეობის გამო გააკრიტიკა.
ანა დოლიძე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პრეზიდენტის მიერაა დანიშნული. მის უკან გაწვევას კი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. თანამდებობა საბჭოში მან საკუთარი სურვილით შეიძლება დათმოს.