საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ელჩების ერთობლივ მოწოდებას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს.
როგორც თალაკვაძე აღნიშნავს, მმართველი გუნდის მხრიდან 21 ივნისს დაგეგმილ სესიაზე კანონპროექტს სრული მხარდაჭერა ექნება.
არჩილ თალაკვაძე ოპოზიციურ პარტიებს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ კენჭისყრაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას „ფორმულა“ უცვლელად გთავაზობთ:
„მივესალმებით პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორი ელჩების ერთობლივ განცხადებას საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე. მიგვაჩნია, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის, ამ საკითხზე მიღწეული შეთანხმება მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის.
ჩვენი პოლიტიკური გუნდის მხრიდან, 21 ივნისს დაგეგმილ სესიაზე კონსტიტუციური კანონის პროექტს სრული მხარდაჭერა ექნება.
მივესალმებით საპარლამენტო ოპოზიციის იმ ნაწილის გადაწყვეტილებას, ვინც უკვე საჯაროდ დაადასტურა მხარდაჭერა აღნიშნული ცვლილებების მიმართ.
სრულად ვიზიარებთ რა ელჩების მოწოდებას, კიდევ ერთხელ მივმართავთ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” საპარლამენტო ფრაქციებს, მიიღონ მონაწილეობა კენჭისყრაში და მხარი დაუჭირონ დიალოგით შეთანხმებულ ცვლილებებს“-წერია განცხადებაში.