საქართველოს პარლამენტი დღეს რიგგარეშე სხდომაზე საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს პირველი მოსმენით განიხილავს და კენჭს უყრის.
ცვლილებების პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება. კერძოდ, საკანონმდებლო ორგანოში 120 წევრი პროპორციული, ხოლო 30 მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით აირჩევა. პროპორციული არჩევნები ჩატარდება 1-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერის პირობებში.
გარდა ამისა, იმისათვის, რომ გამოირიცხოს 40 პროცენტზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვება და მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირება, კანონპროექტი ითვალისწინებს პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით ჯამურად მიღებული მანდატებისთვის მარჟის დადგენას, რომელიც განისაზღვრება პოლიტიკური პარტიების და საარჩევნო ბლოკების მიერ პროპორციული სისტემით მიღებული ნამდვილი ხმების საერთო რაოდენობაში მათ მიერვე პროპორციული წესით მიღებული ნამდვილი ხმების პროცენტული წილისა და ამ წილის ერთი მეოთხედის ჯამით. აღნიშნული ზღვარი ერთპარტიული საპარლამენტო უმრავლესობის ფორმირებას გამორიცხავს იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებული პარტია ან საარჩევნო ბლოკი პროპორციული სისტემით ხმათა 40.54%-ზე ნაკლებს მიიღებს.
ზემოხსენებული მარჟის გადაჭარბების შემთხვევაში, პარტიას ან საარჩევნო ბლოკს მოაკლდება მანდატები პროპორციული საარჩევნო სიიდან, რომლებიც პროპორციულად განაწილდება იმ სხვა პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ წარდგენილ საარჩევნო სიებზე, რომლებმაც შესაბამისი საარჩევნო ბარიერი გადალახეს.
კანონპროექტი უშუალოდ ადგენს 30 ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებს ამჟამად მოქმედი ადმინისტრაციული საზღვრების გათვალისწინებით.
2020 წლის არჩევნებში მონაწილეობის უფლება ექნება პარტიას, რომლის მხარდაჭერა დადასტურებული იქნება არანაკლებ 5000 ამომრჩევლის ხელმოწერით. ამასთან, 5000 ხელმოწერის წარდგენის ვალდებულებისაგან გათავისუფლდება.
იმისათვის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები დამტკიცდეს, პროექტს 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.