„მთავარი არხის“ მეწილის გიორგი რურუას საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში დღეს გაგრძელდება. პროცესზე საგამოძიებო და ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლები, ხელმძღვანელები და გამომძიებლები დაიკითხებიან.
დასაკითხი პირები, ფორმალურად, დაცვის მხარის წარმომადგენლები არიან, რადგან, როგორც რურუას ადვოკატი, შალვა შავგულიძე აცხადებს, ბრალდების მხარემ ისინი მოწმეთა ბაზაში არ შეიყვანა.
მისივე თქმით, დაცვის მხარე აღკვეთი ღონისძიების შეცვლის შესახებ შუამდგომლობას დღევანდელ პროცესზეც არ მოითხოვს.
„ისევ გაგრძელდება დაცვის მოწმეების გამოკვლევებით. სინამდვილეში ესენი არიან საგამოძებო და ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლები, ხელმძღვანელები და გამომძიებლები. ბრალდების მხარემ ისინი მოწმეთა ბაზაში არ შეიყვანა, რადგან მათ მოუწევთ მეტად ურთიერთსაწინააღმდეგო და საეჭვო გარემოებების ახსნა და ამას აარიდებს მოწმეები. მაშინ როდესაც დაიკითხა ბრალდების მოწმეები, გაუგებარია რომელ მოწმეებზე შეიძლება მოახდინოს გიორგი რურუამ გავლენა თავისუფლებაზე ყოფნის დროს. მაშინ როდესაც გამოკვლეულია ბრალდების ყველა მტკიცებულება, რაზე შეიძლება მოახდინოს...“, - განაცხადა შავგულიძემ.
გიორგი რურუას საქმე: შეგახსენებთ, გიორგი რურუა გასული წლის 18 ნოემბერს დააკავეს. დღემდე ადვოკატებმა რურუას გათავისუფლება რამდენჯერმე მოითხოვეს, თუმცა მოსამართლემ დაცვის მხარი შუამდგომლობა არცერთ შემთხვევაში არ დააკმაყოფილა. გიორგი რურუას იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებიან.