შსს-ში გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმეზე პირველ კომენტარს აკეთებენ. მინისტრის მოადგილის, კახაბერ ბორცვაძის თქმით, ამ ეტაპზე ირკვევა, რომ 2020 წლის 18 ივნისს საღამოს გიორგი შაქარაშვილი მცხეთის რაიონის სოფელ ნარეკვავის დასახლებაში სტუმრად იმყოფებოდა მეგობრის მიერ ნაქირავებ სახლში, სადაც ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
როგორც ბორცვაძემ ბრიფინგზე განაცხადა, მოგვიანებით, კონფლიქტი გაგრძელდა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, მდინარე არაგვზე მდებარე ხიდის სიახლოვეს, რის შემდგომაც გიორგი შაქარაშვილის კვალი დაიკარგა.
„დღეის მდგომარეობით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხულია საქმესთან შემხებლობაში მყოფი ათეულობით პირი, დაახლოებით 50 მოწმე, ჩატარებულია ათეულობით საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის - საცხოვრებელი სახლების ჩხრეკა, ამოღებულია კონფლიქტში მონაწილე და შემსწრე პირთა ტანსაცმელი, ავტომანქანები, მობილური ტელეფონები, აღებულია კვლევის ნიმუშები, დანიშნულია ექსპერტიზები, გამოთხოვილია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები. გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით მიმდინარეობს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.
ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ გარდაცვლილის ოჯახთან და გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ დაუყოვნებლივ ვაწვდით ინფორმაციას.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველა იმ პირის, ვინც მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ფლობს რაიმე სახის ინფორმაციას, დაუყოვნებლივ მოგვმართონ და მაქსიმალურად ითანამშრომლონ ჩვენთან“, - აღნიშნა ბორცვაძემ.
შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელს, გიორგი შაქარაშვილის 4 დღის განმავლობაში ეძებდნენ. ახალგაზრდა 18 ივნისს საგურამოში, ერთ-ერთი მეგობრის წვეულებაზე იმყოფებოდა, სადაც კონფლიქტს ჰქონდა ადგილი. როგორც ახლობლები აცხადებენ, შაქარაშვილი კონფლიქტში მონაწილეობას არ იღებდა. მისი კვალი მდინარე არაგვთან გაქრა და სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში 70 მაშველი და 7 ნავი მონაწილეობდა. ფეხბურთელის ცხედარი 22 ივნისს მდინარე არაგვში იპოვეს.
19 წლის სპორტსმენის სიცოცხლის მოსპობის მიზეზი, სავარაუდოდ, უბნებს შორის დაპირისპირება გახდა.