ყოფილმა ძიუდოისტმა და ქართული ოცნების წევრმა, პარლამენტარმა შოთა ხაბარელმა წიგნი დაწერა, რომელიც ფიზიკური აღზრდის მეშვიდე - მერვე კლასის მასწავლებელთათვის განკუთვნილი სახელმძღვანელოა. ექსპერტებს კორუფციის ეჭვებს ერთი გარემოება უჩენთ, - ხაბარელი წიგნის ავტორიც არის და რედაქტორიც.
სპეციალისტები ასევე აღნიშნავენ, რომ სახელმძღვანელოს დიდი ალბათობით განათლების სამინისტრო სკოლებში შეიტანს და წიგნისთვის განკუთვნილი თანხას ბიუჯეტიდან სრულად ხაბარელი აიღებს. კითხვებს ბადებს ისიც, რამდენად კვალიფიციურია ხაბარელის მიერ მასწავლებლებისთვის მომზადებული ლიტერატურა. დეპუტატი კორუფციას უარყოფს და ამბობს რომ წიგნი მხოლოდ ქართული სპორტის დასახმარებლად დაწერა.
სიმონ ჯანაშია განათლების სამინისტროსა და დეპუტატ შოთა ხაბარელს შორის არსებულ შესაძლო კორუფციულ გარიგებაზე საუბრობს. განათლების ექსპერტისთვის საეჭვოა, როგორ მიიღო დეპუტატის მიერ დაწერილმა ფიზიკური აღზრდის ორმა სახელმძღვანელომ გრიფი სამინისტროსგან. ჯანაშიას თქმით, საქმეში ინტერესთა კონფლიქტიც იკვეთება. შოთა ხაბარელი მასწავლებლებისთვის დაწერილი წიგნის სკოლებში შეტანის შემდეგ ანაზღაურებას როგორც სახელმძღვანელოს ავტორი და ასევე მისი გამომცემელი მიიღებს.
მიუხედავად, იმისა რომ ყოველი წიგნის გაყიდვისას ხაბარელი ავტორისა და გამომცემლისთვის გათვალისწინებულ ანაზღაურებას სახელმწიფოსგან მიიღებს, თავად მატერიალურ ინტერესს უარყოფს. შოთა ხაბარელი ირწმუნება რომ წიგნზე დამოუკიდებლად მუშაობდა.
ხაბარელისგან განსხვავებით, სახელმძღვანელოს ავტორისთვის განკუთვნილი ჰონორარის ოდენობა კარგად იცის მისმა თანაგუნდელმა გუგული მაღრაძემ. დეპუტატი იმ ფაქტით აპელირებს რომ გრიფი სახელმძღვანელოს ელექტრონულ ვერსიას მიენიჭა და მისი გამოცემა საჭირო არ იქნება.
საპარლამენტო ოპოზიცია და განათლების ექსპერტები სახელმძღვანელოების გრიფირების წესში არსებულ ხარვეზებზე მიუთითებენ. ხაბარელის მაგალითზე ამბობენ, რომ სახეზეა პროტექციონიზმი.
განათლების სამინისტროში დღეს არ ისურვეს განემარტათ, რა კრიტერიუმების საფუძველზე მიენიჭა გრიფი შოთა ხაბარელის ავტორობით დარეგისტრირებულ სახელმძღვანელოს. ახალი სასწავლო წლიდან ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმძღვანელოები 3000-მდე პედაგოგის სამუშაო მაგიდაზე აღმოჩნდება.