ალეკო ელისაშვილი ოპოზიციური პარტიების კრიტიკის საგანი ხდება. რამდენიმე ოპოზიციური ლიდერი აცხადებს, რომ ელისაშვილი ორ მაჟორიტარულ ოლქში ითხოვდა კანდიდატების დაყენებას, რაზეც უარი მიიღო და სწორედ ეს გახდა მისი განაწყენების მიზეზი.
„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ ელისაშვილმა ოპოზიციას მთაწმინდაზე მაჟორიტარობის კანდიდატად, ლევან იოსელიანის დაყენება შესთავაზა, რომელსაც წინა არჩევნებში შალვა შავგულიძეზე ნაკლები ხმები ჰქონდა აღებული.
„ითხოვდა, რომ იოსელიანი ყველა ოპოზიციურ პარტიას დაეყენებინა მთაწმინდაზე კანდიდატად. რომ ვკითხეთ, რომ იოსელიანმა ხუთჯერ ნაკლები ხმა აიღო, ვიდრე შავგულიძემ - ამაზე პასუხი არ მიგვიღია. მერე გამოვიდა და თქვა, რომ ამ ვაჭრობაში მონაწილეობას არ მივიღებო. თუ ამას ვაჭრობას უწოდებს, გვევაჭრებოდა მაშინ ის. მერე კამპანიიის დაწყება თითონ ამ იდეის წინააღმდეგ, რასაც კოორდინირება ჰქვია, ამას ივანიშვილის დახმარება ჰქვია. თქმა, რომ კოალიციაში არავისთან შევალ, არის პირდაპირი თქმა, რომ ივანიშვილს შევუქმნი კოალიციას. რატომ გვთავაზობდა 6-ჯერ ნაკლები ხმის მქონე კანდიდატს მთაწმინდაზე?“, - განაცხადა ბოკერიამ.
„ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე კი აცხადებს, რომ ასეთ სიტუაციაში, ოპოზიციის ოპოზიციონერობა მიუღებელია.
„ელისაშვილი მოლაპარაკების შემთხვევაში ორ ოლქს ითხოვდა. ასე არ გაგვიყვია. ჩვენ ვსაუბრობდით კონკრეტულ პერსონებზე, კანდიდატებე, რომელთაც შეუძლიათ, მეტი მხარდაჭერა მოიპოვონ. მეორე, რაც შეეხება მის კავშირს და ხომ არ თამაშობს ივანიშვილის საქმეს, ვერავის ვერაფერს დავაბრალებ. უბრალოდ, ვფიქრობ, რომ ოპოზიციის ოპოზიციონერობა არის ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება ადამიანმა გააკეთოს“, - განაცხადა ვაშაძემ.
შეგახსენებთ, რომ ელისაშვილსა და ოპოზიციას შორის თანამშრომლობაზე შეთანხმება ვერ შედგა. მიზეზი ელისაშვილის მიერ თბილისში მოთხოვნილი ორი ოლქი იყო, სადაც მის მიერ დასახელებულ მაჟორიტარობის კანდიდატებს უნდა ეყარათ კენჭი.