logo
ENG



კუბილიუსი: იმედია, როცა საკონსტიტუციო ცვლილებები იქნება მიღებული, რურუაც გათავისუფლებული იქნება

24 ივნ 202020:10
3 წუთის საკითხავი
clock 1080

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი საქართველოს ხელისუფლებას 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებისკენ და გიორგი რურუას ციხიდან გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. როგორც „ფორმულასთან“ ინტერვიუში ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს, შეთანხმების შესრულებაზე პასუხისმგებლობა ქართული ოცნების ხელისუფლებას ეკისრება.

მისივე განცხადებით, პროპორციული საარჩევნო სისტემისკენ სვლა, ქართული დემოკრატიის განვითარებისკენ გადადგმული ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, ამიტომ საკანონმდებლო ცვლილებები მიღების შემდეგ, გიორგი რურუას საქმეც გადაწყდება.

ანდრიუს კუბილუსი „ქართულ ოცნებას“ ოდირისა და ეუთოს ყველა რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდებს, რადგან არის საკითხები, რომლებიც საქართველომ უნდა გამოასწოროს.

„პროპორციული საარჩევნო სისტემისკენ სვლა და საკონსტიტუციო ცვლილებები, ქართული დემოკრატიის განვითარებისკენ გადადგმული ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ამ ცვლილებების მიღება მნიშვნელოვანია მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე. კარგად მესმის დისკუსია სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს შორის, იმასთან დაკავშირებით რომ, რვა მარტის შეთანხმება მოიცავს პოლიტიკური პატიმრების საკითხსაც, აქამდე გადაუწყვეტელია და მოლოდინის რეჟიმშია გიორგი რურუას საქმე, მაგრამ იმედს გამოვთქვამ რომ, როცა საკონსტიტუციო ცვლილებები იქნება მიღებული, ეს საქმეც გადაწყდება. ასე რომ, სახეზეა პროგრესი და ამ შემთხვევაში შექებას მმართველი გუნდი იმსახურებს.

პასუხისმგებლობა ყოველთვის მმართველ გუნდსა და ხელისუფლებაზეა, ქართული ოცნებაა პასუხისმგებელი რომ მიღწეული შეთანხმება სრულად შესრულდეს. რურუას საქმეზე პროცედურულ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა მისი გათავისუფლება შესაძლოა, როგორც მესამე მოსმენამდე ასევე საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების შემდეგაც. ჩემი ინფორმაციით გიორგი რურუა წინასწარ პატიმრობაშია, ალბათ შესაძლებელია რომ, საბოლოო გადაწყვეტილებას ის სახლში, მეთვალყურეობის ქვეშ დაელოდოს, მგონია რომ ამ საკითხის გადაწყვეტა არის შესაძლებელი და კიდევ ერთხელ მივმართავ მმართველ გუნდს, რომელმაც კარგი სამუშაო გასწია, მოაგვაროს ეს საკითხიც, რისი მოლოდინიც არის.

ერთის მხრივ ჩვენ მივესალმებით საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების საკითხს, თუმცა პარალელურად არ მოვადუნებთ ყურადღებას რურუას საქმეზე. საქართველოსთვის სასარგებლო იქნება, ისეთი საქმეების არ არსებობა, რომლებიც გააჩენს კითხვებს რომ, სასამართლო პოლიტიზებულია. 

ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვართ და მხარს ვუჭერთ მომავალი საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიის ყველა სტანდარტის დაცვით ჩატარდეს და მოსახლეობამ შეძლოს ნების გამოხატვა. საკონსტიტუციო ცვლილებების მიუხედავად, მივმართავ ქართულ ოცნებას შეასრულოს ოდირისა და ეუთოს ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც მათ გამოაქვეყნეს ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, არის საკითხები რომელიც საქართველომ უნდა გამოასწოროს. ევროპარლამენტი დიდი ყურადღებით დააკვირდება როგორ განხორციელდება საკონსტიტუციო ცვლილებები რომლებსაც მიიღებს პარლამენტი და ასევე, ვმსჯელობთ როგორ დავაკვირდეთ არჩევნებს. ჩვენი სურვილია დავაკვირდეთ არა მხოლოდ არჩევნების დღეს, არამედ ჩვენმა მისიამ შეძლოს წინასაარჩევნო ვითარებასაც დააკვირდეს. ამ არჩევნებზე საქართველოს ექნება შანსი დაამტკიცოს, რომ დგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს ევროპული სტანდარტების, დემოკრატიის და კანონის უზენაესობისკენ. ეს იქნება უმოკლესი გზა თქვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციისკენ“, - აცხადებს ანდრიუს კუბილიუსი.


close დახურვა