კალიების შემოსევა დედაქალაქში - მუხიანის აგარაკების ტერიტორიზე ორი დღეა, გამოჩნდა და სასოფლო სამეურნეო სავარგულის განადგურება დაიწყო მავნებელმა. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს და შესაბამის სამსახურებს დაგვიანებულ რეაგირებაში ადანაშაულებს. სურსათის უვნებლობის სააგენტოში ფორმულას უთხრეს, რომ შეწამვლით სამუშაოებს დღეიდან დაიწყებდნენ. მოსახლეობა სამსახურის თანამშრომლებს მთელი დღის განმავლობაში ელოდა, თუმცა სპეციალისტები ადგილზე მხოლოდ დღის ბოლოს მივიდნენ.
ადგილობრივების თქმით, კალიების ამ რაოდენობით შემოსევა მათ არასდროს უნახავთ. მწერებმა საფრთხე უკვე შეუქმნეს აგარაკების ტერიტორიაზე მწვანე საფარს. ადგილობრივების ნაწილი დღეს მწერებისგან ბაღის გადარჩენას მთელი დღის განმავლობაშ საკუთარი სახსრებით ცდილობდა, თუმცა ბრძოლა კალიების წინააღმდეგ წარუმატებელი აღმოჩნდა.
დღის მეორე ნახევარში აგარაკის ტერიტორიაზე სურსათის უვნებლობის სამსახურის წარმომადგენლები მივიდნენ. მათ რამდენიმე კერა აღმოაჩინეს, სადაც კალიები მასიურად გადაადგილდებიან. უვნებლობის სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, შესაბამისი ტექნიკა უკვე მობილიზებულია და კალიების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ტერიტორიაზე დღეს ღამიდან შეწამვლა დაიწყება.
სპეციალისტები კალიების შემოსევას დედაქალაქის მსგავსად აღმოსავლეთ საქართველოს სხვა რეგიონებშიც ელოდებიან. კახეთი, შიდა და ქვემო ქართლის მოსახლეობას ისინი განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენისკენ მოუწოდებენ.