logo
ENG



ის ოცნების ბიზნეს ინტერესებზეა მორგებული - პარლამენტმა ანტიკრიზისული ბიუჯეტი დაამტკიცა

25 ივნ 202009:57
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს პარლამენტმა ანტიკრიზისული ბიუჯეტი დაამტკიცა. მთავრობა წლის ბოლომდე განახლებული დოკუმენტით 16 მილიარდამდე ლარს დახარჯავს.

ოპოზიციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ დოკუმენტი ანტიკრიზისული არ არის, რადგანაც ბიუჯეტის მიხედვით ეკონომიკის გაზრდისა და დახმარებების გაცემა არ ხდება.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის რომან გოცირიძის განცხადებით, ბიუჯეტი მმართველი გუნდის ინტერესებზეა მორგებული. 

"ეს ბიუჯეტი არის მორგებული „ქართული ოცნების“ პოლიტიკური და ბიზნეს ინტერესების დასაკმაყოფილებლად. დღეს უფრო მეტი საოცრება ვიხილეთ. რაც ბიუჯეტში არის ჩადებული, თვითდასაქმებულებისთვის და უმუშევრად დარჩენილებისთვის ფულის გაცემა, რეალურად ეს არის ტყუილი. თვის ბოლოს გამოვა, რომ დაეხმარებიან 250 000 ადამიანს დაეხმარებიან, და მისი ნახევარი ფულით ამ 300 მილიონს მოაყუჩებენ რეზერვად და ძველი ბიუჯეტისთვის გამოიყენებენ. არ შეკვეცეს ხარჯები, არ შემოიჭირეს ქამრები, იმიტომ, რომ სწორედ იმ ძველ ბიუჯეტშია ჩადებული ის მუხლები, რაც აინტერესებთ“, - აღნიშნა გოცირიძემ.

ანტიკრიზისულ ბიუჯეტს მხარს არ უჭერს "ევროპული საქართველოც". პარტიის წევრის სერგი კაპანაძის თქმით, ახალი ბიუჯეტი ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას კიდევ უფრო გაართულებს. 

"ეს ბიუჯეტი, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა უწოდებს ანტიკრიზისულს, არ არის ანტიკრიზისული. ამ ბიუჯეტის მიხედვით არ მოხდება ეკონომიკის გაზრდის უზრუნველყოფა, ამ ბიუჯეტის მიხედვით არ ხდება გადასახადების უზრუნველყოფა, არ ხდება დახმარებების ადეკვატურად გაცემა. ეს არ არის ბიუჯეტი, რომელიც ეკონომიკური ვარდნის შემცირებას უზრუნველყოფს. პირიქით უფრო გააღარიბებს ქვეყანას და ამიტომ ვართ მისი კატეგორიული წინააღმდეგი“, - განაცხადა კაპანაძემ.

დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია კი ამბობს, რომ თანხების საკმარისი რაოდენობის არ არსებობის გამო დახმარებები, რომელიც ჩადებულია ბიუჯეტში, ყველასთვის საკმარისი არ არის. 

"თუ კოვიდის გართულება კვლავ მოხდება, ამ მდგომარეობისთვისაც არის მზაობა ასახული ბიუჯეტში. ვფიქრობ, რომ ის არის დაბალანსებული განვითარებასა და სოციალურ პროგრამებს შორის, ყოველ შემთხვევაში იმ შესაძლებლობების ფარგლებში, რაც ხელისუფლებას ჰქონდა", - აცხადებს კაკულია. 


close დახურვა