
საქართველოში ლიეტუვის ელჩი, გიედრიუს პუოჯუნასი აცხადებს, რომ ევროკავშირის საქართველოსთვის ბევრად მეტის შეთავაზება შეუძლია. შესაბამისი განცხადება დიპლომატმა Twitter-ზე დაწერა.
ელჩი საქართველოს სიმტკიცისკენ მოუწოდებს.
“2014 წელს საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელი მოაწერა და ევროკავშირის ოჯახთან კიდევ უფრო დაახლოების გზას დაადგა. საქართველო უკვე სარგებლობს უვიზო რეჟიმითა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმებით. ევროკავშირს ბევრად მეტის შეთავაზება შეუძლია. საქართველოვ, იყავი მტკიცე და ევროპული მისწრაფებები შეგისრულდება“, - წერს ლიეტუვის ელჩი.
სოცირების ხელშეკრულების მე-6 წლისთავს საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ასოცირების ხელშეკრულება ძლიერი და მზარდი ურთიერთობების საფუძველია.
ამავე განცხადებაში ევროკავშირის ელჩი მომავალ არჩევნებზე საუბრობს და იმედს გამოთქვამს, რომ არჩევნები ჩატარდება თავისუფლად და სამართლიანად. ევროკავშირის ელჩი სამართლებრივ რეფორმებთან და სასამართლოსთან დაკავშირებით საქართველოს მხრიდან მეტ ენთუზიაზმს ელოდება.