საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების პარალელურად, პარლამენტთან სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავდნენ. ისინი, 8 მარტის შეთანხმების ორივე პუნქტის შესრულებას ითხოვდნენ.
როგორც მოძრაობა „შეცვალეს“ წევრმა ნიკა ფარულავამ განაცხადა, ოპოზიციამ ორი პუნქტიდან ერთი დათმო და არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით არ გაიმართება.
„შეთანხმება იყო კომპრომისული. კომპრომისი ნიშნავს, რომ შეთანხმების ორივე მხარე მიდის დათმობაზე. ამ შემთხვევაში ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოებამ დათმეს თავიანთი ერთი პუნქტი - სრულად პროპორციული არჩევნები. ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას. ვინაიდან, როდესაც მიდიხარ კომპრომისზე, აუცილებელია, შენი ნაკისრი ვალდებულებები ბოლომდე შეასრულო“, - განაცხადა ფარულავამ.
შეთანხმების შეუსრულებლობაზე საუბრობს „სირცხვილიას“ აქტივისტი გიგა მაქარაშვილიც.
„ეს შეთანხმება იყო ორპუნქტიანი. ორივე პუნქტის შესრულების შემთხვევაში იქნება დაცული ის პირობა, რომელიც ქართულმა ოცნებამ მისცა დასავლელ პარტნიორებს. თვით ირმა ინაშვილიც, ქართული ოცნების სატელიტი პარტიის წარმომადგენელიც კი ადასტურებს, რომ რურუაზე და პოლიტპატიმრებზე იყო საუბარი, გვარებით იყო საუბარი. ფაქტობრივად, ყოველდღიურად მოგვდის წერილები როგორც ქვეყანას, მაღალი რანგის დასავლელი პოლიტიკოსებისგან სახელი და გვარით, რომ გიორგი რურუა, როგორც პოლიტიკური პატიმარი უნდა გათავისუფლდეს. არც ერთ შემთხვევაში შეთანხმება არ არის შესრულებული“, - განაცხადა მაქარაშვილმა.
2020 წლის არჩევნები 120/30-ზე პროპორციით ჩატარდება - პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით დღეს, 29 ივნისს, მიიღო.
კენჭისყრის პარალელურად მიმდინარეობდა რურუას სასამართლო პროცესიც.
მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა და "მთავარი არხის" მეწილე და თანადამფუძნებელი წინასწარ პატიმრობაში დატოვა.
ამის გამო კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო ოპოზიციამ. ევროპული საქართველო მეორე და მესამე მოსმენაზე ცვლილების მხარდაჭერის წინაპირობად რურუას გათავისუფლებას ასახელებდა, ნაციონალურმა მოძრაობამ კი არც პირველ მოსმენაში მიიღო მონაწილეობა.
გიორგი რურუა, რომელიც მოძრაობა "სირცხვილიას" ფინანსურად ეხმარებოდა, გასული წლის 18 ნოემბერს, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვის ბრალდებით დააკავეს. მოგვიანებით მის ბრალდებას დაემატა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა და მისთვის ხელის შეშლა. რურუა ბრალს არ აღიარებს.
გიორგი რურუას გათავისუფლება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის 8 მარტს მიღწეული შეთანხმების ნაწილია. შეთანხმება, რომელსაც მხარეებმა ელჩების ჩართულობით მიაღწიეს, ორნაწილიანია და მოიცავს როგორც საარჩევნო სისტემის ცვლილებას, ასევე პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას. ოპოზიცია აცხადებს, რომ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილთან ერთად, შეთანხმების მიხედვით, უნდა გათავისუფლებულიყო გიორგი რურუაც.
"ქართული ოცნება" შეთანხმების მეორე ნაწილის არსებობას დღემდე უარყოფს, თუმცა, ოპოზიციისა და დასავლელი პარტნიორების ზეწოლის ფონზე, საქართველოს პრეზიდენტმა უკვე შეიწყალა უგულავა და ოქრუაშვილი.
იმას, რომ პატიმრების გათავისუფლება შეთანხმების ნაწილია, ადასტურებს დიალოგის ფასილიტატორების განცხადებები, რომლებიც მხარეებს მისი სრულად შესრულებისკენ მოუწოდებენ და "სასამართლო პროცესების არასათანადო პოლიტიზაციის აღქმაზე" რეაგირების პირობას უსვამენ ხაზს.
ამ დრომდე მმართველ გუნდს არა ერთმა სენატორმა, ევროპარლამენტარმა და კონგრესმენმა მოუწოდა, რომ შეასრულოს 8 მარტის შეთანხმება და გიორგი რურუა გაათავისუფლონ საპატიმროდან.
ამასთან, შესაძლოა, აშშ-ის თავდაცვის აქტში შევიდეს ცვლილებები, სადაც რურუას პატიმრობაზეა საუბარი.