ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასაჩივრებს. ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის უფლებადამცველის განმარტებით, გაუგებარია რატომ არ აგრძელებს ბასილაშვილი სამართლებრივ დავას, მაშინ როდესაც ის საკუთარ უდანაშაულობას ამტკიცებდა.
„გამომდინარე იქედან, რომ დაახლოებით 9 საათის განმავლობაში მხარე ამტკიცებდა, რომ შემაკავებელი ორდერები, რაც პოლიციამ გამოსცა, უკანონო იყო და არ ეთანხმებოდნენ, ბუნებრივია, გასაკვირია რატომ არ გაასაჩივრეს თუ ისინი არ მიიჩნევენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება არის დასაბუთებული და სამართლებრივი საფუძველი გასაჩივრების, რაზეც სასამართლოს მიედავებოდა დაუსაბუთებლობის ან უკანონობის ნაწილში, ასეთი საფუძველი არ არსებობდა“, - განაცხადა ადვოკატმა ანა თავხელიძემ.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 21 მაისს, ოჯახში ძალადობის საფუძველზე დააკავეს. აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლომ 24 მაისს იმსჯელა და სპორტსმენს 100 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა. გირაოს სანაცვლოდ ჩოგბურთელი პატიმრობიდან მალევე გაათავისუფლეს. 2020 წლის 8 ივნისს კი, ბასილაშვილისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ საქალაქო სასამართლომ გასაჩივრებული 6 ორდერი ძალაში დატოვა.