ფოთში, 45 წლამდე მამაკაცი ე.წ. კრიმინალური გარჩევის მსხვერპლი გახდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირებაში 10 ადამიანი მონაწილეობდა.
ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, მამაკაცს ფიზიკურად ჯერ ქალაქის ერთ უბანში გაუსწორდნენ, შემდეგ კი სხვაგან გადაიყვანეს და იქაც სცემეს. მას დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში ხელკეტებით შეიარაღებული ადამიანები, სასტიკად უსწორდებოდნენ, ასევე აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას.
„ყველაფერი მოტეხილი ჰქონდა, ჯოხები ეჭირათ ხელში და ურტყამდნენ. მიშველეო იძახდა. შემდეგ წყალი დაასხეს და ცოტა აზრზე მოვიდა“, - აცხადებს თვითმხილველი ზაირა ბასილაია.
სასწრაფო დახმარების ჯგუფი სწორედ ადგილობრივებმა გამოიძახეს. უგონო მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, დაზარალებულს მრავლობითი ტრავმული დაზიანებები აღენიშნებოდა, თუმცა მიუხედავად სამედიცინო ჩარევისა, პაციენტი კლინიკაში გარდაიცვალა.
უცნობია რა გახდა მკვლელობის მოტივი. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.