logo

ნათია სამუშიას Op-ed: საარჩევნო გენდერული კვოტები დისკრიმინაციული და არაფექტიანია

clock 39 clock 1193 clock 03 ივლ 202018:10
53q5lo8nghgy4yc.jpg

პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პაკეტი, მათ შორის გენდერული კვოტები, მიიღო. პარლამენტის შემთხვევაში პროპორციულ საარჩევნო სიაში ყოველ მეოთხე კანდიდატად მითითებული უნდა იყოს განსხვავებული სქესის ადამიანი. ეს დროებითი მექანიზმი მოქმედებს 2020-ის, 2024-ის და ამ წლებს შორის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებისათვის. 2028 წლიდან კი ყოველი მესამე უნდა იყოს განსხვავებული სქესის კანდიდატი. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ყოველი მეორე ადამიანი უნდა იყოს განსხვავებული სქესის.

მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო გენდერული კვოტების მხარდამჭერებისათვის კვოტის მოწინააღმდეგეები ქალების ჩაგვრის ხელშემწყობებად აღიქმებიან, მაინც გადავწყვიტე მათგან განსხვავებული არგუმენტები ჩამომეყალიბებინა. კვოტების მომხრეების უმეტესობა ცდილობს, დაამკვიდროს მოსაზრება, რომ თუ გენდერულ კვოტებს არ ემხრობი, მაშინ სექსისტი ხარ, რაც ცხადია ძალიან პრიმიტიული და ზედაპირული შეფასებაა. 

დავიწყოთ იქიდან, რომ ნებისმიერი დისკრიმინაცია დისკრიმინაციაა და მისი მნიშვნელობა დადებითი არ ხდება თუ წინ სიტყვა „პოზიტიურს“ მივუწერთ. ეს, მათ შორის, კვოტების მომხრეებმაც იციან და ამიტომ მას დროებით მექანიზმად მოიხსენიებენ. როდესაც პოზიტიურ დისკრიმინაციას ვემხრობით, ამავდროულად მხარს ვუჭერთ რომელიმე ინდივივიდის ჩაგვრას. მაგალითისთვის, თუ სამსახურში ახალი თანამშრომლის აყვანისას უპირატესობას მივანიჭებ რომელიმე კანდიდატს მისი სქესის გამო, ეს ამავდროულად ნიშნავს დისკრიმინაციას იმ ადამიანის მიმართ, რომელიც სამსახურში არ ავიყვანე რადგან მდედრობითი სქესი არ იყო.  

საარჩევნო გენდერული კვოტების მომხრეები მიიჩნევენ, რომ გენდერული ჩაგვრის აღმოსაფხვრელად კვოტების შემოღება მნიშვნელოვანია. ეს მოსაზრება მცდარია, რადგან:

  • არსებობს ქვეყნები სადაც გენდერული კვოტები არის და ვერაფრით ვიტყვით რომ ქალების უფლებები დაცულია. მაგალითად, რუანდა სადაც პარლამენტში 61.3% ქალია, ბოლივია - 53.1%, არაბთა გაერთიანებული საამიროები - 50%. ეგვიპტეშიც ქალთა მდგომარეობა გენდერულ კვოტებს არ შეუცვლია და ქალთა წინადაცვეთა დღემდე ხდება. ეს არის მაგალითები იმისა, რომ საარჩევნო სიებში კვოტების მეშვეობით ქალთა რაოდენობის იძულებითი ზრდა  არ არის კავშირში მათ შინაარსიან წარმომადგენლობასთან. ამასთან, ეს არ არის ასეთი ქვეყნების სრული სია.

  • არსებობს ქვეყნები სადაც კვოტები არ არის და არც არასდროს არსებობდა, მაგრამ ქალთა უფლებები გაცილებით მეტადაა დაცული, ვიდრე რუანდაში, ბოლივიასა თუ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.

შესაბამისად, მცდარია რომ კვოტები აჩქარებს რაიმე უთანასწორობის აღმოფხვრას. ის  ხშირად გამოიყენება მმართველი პარტიების მიერ ფემინისტთა და შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების გულის მოსაგებად, ვიდრე ქალთა უფლებებთან დაკავშირებულ რეალურ პრობლემებთან გასამკლავებლად.

არსებობს მოსაზრება, რომ ქალი უკეთ წარმოადგენს იმავე სქესის ელექტორატის ინტერესებს, უკეთ ესმის სექსუალურ შევიწროვებასთან დაკავშირებული საკითხები. ეს მოსაზრება მცდარია და ამის არაერთი მაგალითი არსებობს. სექსუალურ შევიწროებას აფასებენ ინდივიდები და არავითარი კავშირი არ აქვს სქესს ან სქესობრივ დაჯგუფებას ამასთან. ისევე როგორც, ჩემი არცერთი ინტერესი არასდროს წარმოუდგენიათ გუგული მაღრაძეს, სოფიო კილაძეს, ეკა ბესელიას, ადა მარშანიას, ირმა ინაშვილს, მიუხედავად იმისა, რომ იმავე სქესის წარმომადგენლები არიან. 

ნებისმიერი სახის კვოტა გულისხმობს ინდივიდსა და მის მიღწევებზე წინ კოლექტივიზმის, რომელიმე ჯგუფისადმი კუთვნილების დაყენებას. მაგალითისათვის, სამსახურში ვაკანტურ პოზიციაზე ამყავს კანდიდატი იმის გამო, რომ ის მდედრობითი სქესის წარმომადგენელია და არა  მისი უნარების გათვალისწინებით. მეტიც, შეიძლება სამსახურში ავიყვანო თანამშრომელი მხოლოდ იმიტომ რომ ის ქალია და უარი ვუთხრა უფრო უნარიან/ჭკვიან/გამოცდილ კანდიდატს მხოლოდ იმიტომ, რომ ის ქალი არ არის. 

გენდერული კვოტები დისკრიმინაციულია სხვა ჯგუფების მიმართაც. მაგალითად, ეთნიკური, რელიგიური, სექსუალური უმცირესობების მიმართ. იმისათვის, რომ დავიცვა ეთნიკური, რელიგიური და სექსუალური უმცირესობების უფლებები, არ არის საჭირო რომელიმე უმცირესობის წარმომადგენელი ვიყო. იგივე ვრცელდება სქესზეც. 

და ბოლოს, ძალიან შეურაცხმყოფელი იქნება ჩემთვის, რომ თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების პრორექტორი ვიყო იმის გამო, რომ ქალი ვარ და არა ჩემი უნარებისათვის. 

 

ასევე წაიკითხეთ
close დახურვა