ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი საქართველოს ვითარების დესტაბილიზაციის მცდელობაში ადანაშაულებს. ცხინვალის რეჟიმის ე.წ. საგარეო უწყებამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც ე.წ. საზღვართან ქართული ძალოვანი სტრუქტურების ყოფნის გაძლიერების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამს.
„დამატებითი შეიარაღების კონცენტრირება, მასირებული აგრესიული რიტორიკა სამხრეთ ოსეთის მისამართით და სასაზღვრო ტერიტორიებზე მუდმივი პროვოკაციები, უკანონო საპოლიციო პოსტები მეტყველებს იმაზე, რომ თბილისი ოცნებობს რევანშსა და სხვისი მიწების დაკავებაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამოც, რომ საქართველოს ევროპის ქვეყნების მხარდაჭერა აქვს, რასაც მათივე თქმით, „თბილისი ყველაფერზე ნებადართულობის სიგნალად აღიქვამს“.
„აქედან გამომდინარე გასაგებია რატომ არ სურს საქართველოს ხელი მოაწეროს სავალდებულო დოკუმენტს ძალის გამოუყენებლობის შესახებ“, - ნათქვამია განცხადებაში.
საოკუპაციო რეჟიმი მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებსაც ახსენებს და მიიჩნევს, რომ საქართველოს პოლიტიკური ელიტის ნაწილისთვის ოსური და აფხაზეთის თემატიკის წამოწევა ამომრჩეველთა ხმების მოზიდვის დამატებითი ინსტრუმენტი ხდება.
ცხინვალის რეჟიმი საერთაშორისო გაერთიანებასაც მიმართავს და მოუწოდებს, დაგმოს საქართველოს საშიში კურსი, რომელიც მიმართულია ე.წ. საზღვრის პერიმეტრზე მილიტარიზებული ზონების შექმნისკენ.