საგანგაშო სიგნალი ამერიკიდან პირველად, 2003 წლის შემდეგ, - ბიძინა ივანიშვილის მმართველობამ ქვეყნის მოსახლეობას შესაძლოა, ფინანსური დახმარება დააკარგვინოს, ხელისუფლებას კი შერჩენილი იმიჯიც. კონგრესის კომიტეტმა მიიღო კანონპროექტი, რომლის ფარგლებშიც შესაძლოა, საქართველოს ამერიკის დახმარების 15% შეუჩერდეს.
სანქციები კი ზუსტად იმაზეა დამოკიდებული, როგორ იმოქმედებს საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, კორუფციის დაძლევისა და უცხოური ბიზნესის უფლებების მიმართულებით.
საქართველოსთვის 15 %-ით დახმარების შეჩერების საკითხზე საბოლოო ტექსტი კონგრესში მიმდინარე კვირას უნდა შეთანხმდეს. საკითხის კენჭისყრა კონგრესის შემდეგ სენატში გაიმართება. დოკუმენტს კი ხელი დონალდ ტრამპმა უნდა მოაწეროს. პოლიტიკური გადაწყვეტილება იქამდე ვერ შეიცვლება, ვიდრე ამერიკის სახელმწიფო მდივანი არ დაადასტურებს, რომ საქართველოს მთავრობა დემოკრატიული ინსტიტუტების აძლიერებს, კორუფციას ებრძვის და კერძო სექტორისთვის კანონის უზენაესობა დაცულია.