logo
ENG



შაქარაშვილის საქმე - ფოტოგრაფის შეტყობინებაზე პოლიციის რეაგირების საკითხს გენინსპექცია შეისწავლის

07 ივლ 202020:33
3 წუთის საკითხავი
 

შინაგან საქმეთა სამინისტროში გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმის, ფოტოგრაფის სატელეფონო საუბრის გასაჯაროებისთვის დღეს საგანგებო ბრიფინგი გამართეს. იაკობ ბრეგვაძე 112-ში რეკავს და პოლიციას არაგვის ხიდზე მომხდარი ჩხუბის შესახებ უყვება. ჩანაწერით ირკვევა რომ, ბრეგვაძის მიერ მითითებულ მისამართს სამართალდამცველები ვერ აგნებენ. ბრეგვაძე ადგილზე სასწრაფოს მისვლასაც ითხოვს და 112-ის ოპერატორს ატყობინებს, რომ თავდამსხმელები რკინის ხელკეტებით არიან შეიარაღებულები.

რატომ ვერ შეძლო პოლიციამ  რესტორან „ქებაბ ჰაუსის“ მიკვლევა, როდესაც ჩვეულებრივ მობილურ ტელეფონში აპლიკაცია გუგლ მეპის დახმარებით ამის გაკეთება მარტივად შეიძლება, უცნობია.  ჩნდება კითხვა, დასრულდებოდა თუ არა  ტრაგედიით, საბედისწერო დაბადების დღე, თუ პოლიცია გამოძახების ადგილზე დროულად მივიდოდა. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ აქცენტი არა სამართალდამცველების შესაძლო დაუდევრობაზე არამედ იაკობ ბრეგვაძეზე გააკეთა და თქვა, რომ ბრეგვაძემ შეტყობინება გააუქმა.  მისი თქმით,  სამართალდამცველების ქმედებებს გენინსპექცია შეისწავლის.

შს მინისტრის მოადგილე საქმეში არსებულ ჩვენებებს არ იცნობს, შესაბამისად მინისტრის მოადგილემ  ვერც მედიის  მიერ დასმული კითხვა გაიგო თუ რატომ არ მიმდინარეობს გამოძიება  გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის მუხლით. მაშინ როდესაც ვლადიმერ ბორცვაძემ წინა ბრიფინგზე განაცხადა, რომ შაქარაშვილის გარდაცვალების ფაქტზე კონკრეტული პირები გამოიკვეთნენ.

გამოძიების ხარვეზებზე საუბრობენ ის ადვოკატები რომლების შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული პირების უფლებებს იცავენ. ადვოკატების განცხადებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება თავიდანვე არასწორად დაიწყო.

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებიდან უკვე 19 დღე გავიდა და კვლავ  პასუხი გაუცემელი მთავარ კითხვაზე რა ვითარებაში დაიღუპა 19 წლის ფეხბურთელი.შინაგან საქმეთა სამინისტროში არ გამორიცხავენ რომ მუხლის კვალიფიკაცია მოხდეს, ამ დროისათვის დაკავებულებს სამი მუხლით ედავებიან -თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ძალადობა, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა.


close დახურვა