logo
ENG



ზალკალიანი აშშ-ს დახმარების შესაძლო შეჩერებაზე: ეს არის არასწორი ინფორმაცია, ტყუილი

09 ივლ 202013:15
3 წუთის საკითხავი
clock 682

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მხრიდან, დახმარების შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით გავრცელებულ დოკუმენტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს ინფორმაცია ტყუილია და სიმართლეს არ შეესაბამება. 

მისივე განცხადებით, იყო მცდელობა, რომ დახმარების შესაძლო შეჩერება კანონპროექტში შესულიყო, თუმცა ის საბოლოოდ იმ რეპორტში მოხვდა, რომელსაც ზალკალიანის თქმით, არანაირი ძალა არ აქვს. 

საგარეო საქმეთა მინისტრი ოპონენტებს ლობისტურ საქმიანობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ისინი ცდილობენ ქვეყნისთვის დამაზიანებელი დეფინიციები კანონპროექტში მოხვდეს.

„ეს არის არასწორი ინფორმაცია, კიდევ ერთი ტყუილი, რომელსაც ადგილი ჰქონდა ორი დღის განმავლობაში, როდესაც ამტკიცებდნენ, რომ ეს არის კანონი, რომელიც საქართველოს უკვე დაუწესეს. კანონპროექტს არ დამატებია, კარგად წაიკითხეთ. იყო მცდელობა, რომ კანონპროექტში შესულიყო, მაგრამ არ შევიდა კანონპროექტში და არის რეპორტში ის დებულებები, რაზეც არის საუბარი. ამიტომ, ეს არის მცდარი ინფორმაცია, რაც სხვადასხვა მედიაში გავრცელდა. იყო მცდელობა, რომ კანონპროექტში შეეტანათ, მაგრამ ვერ მოახერხეს და რეპორტში შევიდა, რომელსაც არანაირი ძალა არ აქვს. ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი, ქვეყნის მხარდამჭერი დეფინიციები, რაც არის დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტთან, ტერიტორიულ მთლიანობასთან, არაღიარების პოლიტიკასთან, არაღიარებულ ე.წ. წარმონაქმნებთან, სხვა ქვეყნების კავშირის დამყარების შემთხვევაში მათზე სანქციების დაწესებასთან. ოპონენტები ცდილობენ, რომ ქვეყნისთვის დამაზიანებელი ლობისტური საქმიანობის შედეგად, ქვეყნისთვის დამაზიანებელი დეფინიციები მოხვდეს. ეს არის სხვაობა ჩვენსა და მათ შორის“, - განაცხდა დავით ზალკალიანმა.  

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი საქართველოსთვის გამოყოფილი დაფინანსების 15%-ის შესაძლო შეჩერების შემდეგ, დამატებით განმარტებებს აკეთებს. შტატების საკანონმდებლო ორგანო იმ ვალდებულებების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომელიც საქართველოს მთავრობამ უნდა შეასრულოს იმისათვის, რომ დახმარება 132-მილიონიანი პაკეტი სრულად მიიღოს, მათ შორისაა საარჩევო რეფორმის ეფექტური განხორციელება, სასამართლოს დამოუკიდებლობა, ოლიგარქების არაფორმალურ გავლენის შეზღუდვა, ასევე თავისუფალი მედიისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების უფლებების დაცვა.


close დახურვა