ოკუპანტების მიერ დატყვევებული ზაზა გახელაძის ოჯახი სახელმწიფოს დახმარებას სთხოვს. ისინი დაკავებულის გათავისუფლებას ითხოვენ.
როგორც „ფორმულას“ გახელაძის ცოლმა ირმა ბუთხუზმა განუცხადა, დაკავებულს, სავარაუდოდ, საზღვრის კვეთას ედავებიან.
„არაფერი უთქვამს ისეთი, კარგად ვარ, დაკავებული ვარ და გადავყავარო. ეგონა, რომ ცხინვალში გადაჰყავდათ, მაგრამ ისევ ლენინგორში იყო. მეორე დილას გავიგეთ, რომ ისევ ცხინვალში იყო. არაფერი უთქვამს ან დაჭრილი ვარო, ხმა არ ამოუღია. ედავებიან საზღვრის კვეთას. გუშინ გავიგე, რომ ჩვენს ტერიტორია იყო ეს ადგილი. დაგვიბრუნეთ, სხვა არაფერი გვინდა, თუ მკურნალობა დასჭირდება, ჩვენ მივხედავთ“, - განაცხადა ბუთხუზმა.
გატაცებულის მამის, მიშა გახელაძის თქმით კი, მათ საგანგებოდ გადაზომეს ადგილი, საიდანაც მისი შვილის გატაცება მოხდა და აღმოჩნდა, რომ გატაცებული დაკავების მომენტში საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტეიროტირიაზე იმყოფებოდა.
„გადასულები თუ იყვნენ-თქო და არაო, სპეციალურად იყვნენ ასულები, გადაზომეს და ერთი 150 მეტრით ჩვენს მხარეს იყო“, - განაცხადა გახელაძემ.
ოკუპანტების მიერ 11 ივლისს დაჭრილი და გატაცებული 33 წლის ზაზა გახელაძე ამ დრომდე ტყვეობაში იმყოფება. თავად გატაცებული დაჭრის შესახებ არაფერს ამბობს. ის ოჯახის წევრებს ტელეფონით დაუკავშირდა და უთხრა, რომ რუსებმა დაიჭირეს და ცხინვალში გადაყვანას უპირებდნენ.
თუმცა, მოგვიანებით დე ფაქტო საინფორმაციო საშუალებებმა ინფორმაცია გაავრცელეს, რომლის თანახმადაც ზაზა გახელაძე დაჭრილია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ოკუპანტების მიერ დატყვევებული ზაზა გახელაძის ოჯახში სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ჩავიდა. ომბუდსმენის თქმით, სახელმწიფოს, ამ ეტაპისთვის, მსგავს შემთხვევებზე ეფექტური რეაგირების მექანიზმი არ გააჩნია.