logo
ENG



როგორი იქნება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია ხანგრძლივი რეაბილიტაციის შემდეგ

19 ივლ 202016:35
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის მერმა კახა კალაძემ პარლამენტის წინ მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციის შემდგომი რენდერები წარმოადგინა. 

თბილისის მერი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან Facebook-ზე პირდაპირ ეთერში ჩაერთო. სწორედ ჩართვისას აჩვენა კალაძემ განახლებული პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის სამომავლო სახე. 

კალაძის თქმით, პარლამენტის წინ არსებული ქვის ფილები განახლდება, რეაბილიტაცია ჩაუტარდება პარლამენტის წინ მდებარე შადრევანსაც. 

მერთან ერთად იმყოფებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე. 

სამოქალაქო აქტივისტი ნოდარ რუხაძე, თბილისის მერს კანონის დარღვევაში ადანაშაულებს.

„კახა კალაძის ფეისბუქ ლაივში ვნახეთ პროექტის რენდერი, სადაც დეტალურადაა აღწერილი, რას აპირებს კალაძე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. კალაძე პროექტის ასე შესრულებით არღვევს კანონს, რადგან მას კანონი ავალდებულებს საჯარო განხილვები მოაწყოს მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებამდე. ჯერჯერობით, უცნობია, ვინ შეიმუშავა და დაამტკიცა პროექტი. ჩვენ, როგორც ადრე, ახლაც ვამბობთ, რომ ეს ყველაფერი ქალაქში საპროტესტო სივრცის შეზღუდვას ემსახურება“, - აცხადებს რუხაძე.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია მერიამ მწვანე ღობით 2020 წლის იანვარში შემოღობა. აქტივისტები მაშინვე ამბობდნენ, რომ მიზანი საკანონმდებლო ორგანოს წინ საპროტესტო სივრცის შეზღუდვა იყო. შემოღობვამდე, წინააღმდეგობის მიუხედავად, მერიამ ამ ტერიტორიიდან მალხაზ მაჩალიკაშვილის კარავიც აიღო და ატრაქციონები დადგა. თბილისის მერი მაშინ ამბობდა, რომ მერია სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებდა.

 


close დახურვა