წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის "ემპათიას" ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი "დროებასთან" საუბარში ამბობს, რომ 19 წლის გიორგი შაქარაშვილი 19 ივნისს არ გარდაცვლილა.
მარიამ ჯიშკარიანი მის პოზიციას დათვალიერების ოქმში არსებული ჩანაწერით ამყარებს - იქ აღნიშნულია, რომ გარდაცვლილის სხეულის ყველა კუნთში გვამური გაშეშება შეინიშნება, რაც, წესით, გარდაცვლილის სხეულზე 4 დღე არ უნდა აღინიშნებოდეს.
"ხელების მდებარეობა მიუთითებს, რომ გაშეშება არ არის გავლილი. თუ გაშეშება არ არის გავლილი, შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ გარდაცვლილი დიდი ხნის მკვდარი არ არის. შემიძლია ზუსტად გითხრათ, რომ 19 ივნისს არ არის გარდაცვლილი. ყველანაირი სიმპტომია, რომ ცხედარი 4 დღე არ იყო წყალში. შესაძლოა, იყო რამდენიმე საათი და შემდეგ იპოვეს. ჩქარი მდინარე იყო, როგორც მინიმუმ ზაჰესის დამბასთან უნდა ეპოვნათ. სიკვდილის წინ კრუნჩხვითი მდგომარეობა იყო", - ამბობს ჯიშკარიანი.
გიორგი შაქარაშვილის ზუსტი გარდაცვალების დრო არ წერია ექსპერტიზის პირველ დასკვნაში - სავარაუდოდ, ამას კომპლექსური კომისიური ექსპერტიზა დაადგენს, რომლის პასუხებიც რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
კიდევ ერთი არგუმენტი, რაც ამყრებს ვარაუდს, რომ ახალგაზრდა ბიჭის სხეული წყალში 4 დღე არ ყოფილა, ცხედრის მდგომარეობაა. გარდაცვლილის სხეულზე არ შეინიშნებოდა ძლიერი შეშუპება, არ მოხდარა ღია ჭრილობის მიდამოში კანის ქსოვილის დაზიანება - ცხედარი კი, რომელსაც მაშველები 20 ივნისის დილიდან ეძებდნენ, მეოთხე დღეს ახლო მანძილზე აღმოაჩინეს.
ჯიშკარიანი ფიქრობს, რომ მაშინ, როდესაც უკვე საჯაროდ იყო ცნობილი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ - ის ცოცხალი იყო და დამნაშავეებმა წყალში დანაშაულის დაფარვის მიზნით გადააგდეს.
წყალში გადაგდებამდე გიორგი შაქარაშვილმა, სავარაუდოდ, ძლიერი ფიზიკური ტკივილი განიცადა, გარდა სხეულზე აღმოჩენილი დაზიანებებისა - ამაზე წყლიდან ამოყვანილ ცხედარზე ხელის მოხრილობა მიუთითებს, რასაც ძლიერი ტკივილი ან შოკური მდგომარეობა იწვევს. სავარაუდოდ, შოკური მდგომარეობა გარდაცვალებამდე რამდენიმე წუთით ადრე დაფიქსირდა - ანუ გამოდის, რომ დამნაშავეებმა 19 წლის შაქარაშვილი წყალში ცოცხალი გადააგდეს და უმწეო მდგომარეობაში დატოვეს.
ამ ვერსიას განიხილავენ გარდაცვლილის ოჯახის წევრებიც.
19 ტომისგან შემდგარ საქმის მე-4 ტომში არის ერთი ჩვენება, რომელიც, შესაძლოა, შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეში ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება იყოს. ჩვენების მიხედვით, ტოიოტა ქამრში მყოფი არასრულწლოვანი ამბობს, რომ არჩილ გაგნიძე, ვახო ჩიქოვანი და მათთან ერთად მყოფი კიდევ ერთი პირი გიორგი შაქარაშვილს არაგვის პირამდე მისდევდნენ.
გიორგი შაქარაშვილი 19 ივნისს გაუჩინარდა - მისი ცხედარი 22 ივნისს იპოვეს მდინარე არაგვში.
შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 ადამიანია დაკავებული, თუმცა, შსს-ს ინფორმაციით, შესაძლოა, ბრალდებულთა წრე გაიზარდოს.ექსპერტიზის პასუხების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ შაქარაშვილის გარდაცვალება გამოიწვია ასფიქსიამ წყალში დახრჩობით - მას დაზიანებები სხეულზე სიცოცხლეში მიაყენეს.
გამოძიება გადაკვალიფიცირდა და დაემატა სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლი, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებაში. ამ მუხლით ბრალდება ჯერ არავისთვის წარუდგენიათ.