logo
ENG



თეთრიწყაროში უკვე მეოთხე დღეა ახალგაზრდა ქალს ეძებენ

21 ივლ 202020:37
3 წუთის საკითხავი
 

უკვე მეოთხე დღეა, ეძებენ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს. სამძებრო სამუშაოები ამ ეტაპზე ერთდროულად თეთრიწყაროს ორ სოფელში მიმდინარეობს, ბოლოს გოგო სწორედ აქ ნახეს. დაკარგული ბაჩალიაშვილი ხაისში კამერამაც დააფიქსირა. არც ადგილობრივებს და არც ოჯახს აქვს ინფორმაცია, რა შეიძლება აკავშირებდეს გაუჩინარებულ გოგოს თეთრიწყაროსთან.

მუნიციპალიტეტში მას არც ნაცნობები და არც ნათესავები ჰყავს. გოგოს კვალი შაბათიდან ქრება, როცა თბილისში სახლიდან საკუთარი ავტომობილით გავიდა და აღარ დაბრუნდა. ოჯახის წევრების თქმით, გოგო გარეთ იშვიათად გადიოდა და ეჭვობენ, რომ ის თეთრიწყაროს მიმართულებით მოტყუებით წაიყვანეს.

სამართალდამცველები სამძებრო სამუშაოებს 18 ივლისიდან აწარმოებენ. საგამომძიებლო საქმიანობები მიმდინარეობს თეთრიწყაროს სოფლების მიმდებარე ტერიტორიაზე, საიდანაც გოგონას კვალი ქრება. ადგილზე მობილიზებულები არიან სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებიც. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

 


close დახურვა