logo
ENG



ტვ „იმედი“ და „პოსტივი“ ჩემ წინააღმდეგ ცილისწამებლურ სიუჟეტებს ავრცელებენ - კოტე ყიფიანის განცხადება

25 ივლ 202022:04
3 წუთის საკითხავი
 
nu9t8mzpijo93nr.jpg

ბიზნესმენი კოტე ყიფიანი სახელისუფლებო არხების წინააღმდეგ განცხადებას ავრცელებს. ის მიიჩნევს, რომ "იმედი" და "პოსტივი" მის წინააღმდეგ ცილისწამებლურ სიუჟეტებს ავრცელებენ. ყიფიანი ამბობს, რომ მანამდე ის ტელეკომპანია "მთავარმა" ბაჩალიაშვილის საქმის კონტექსტში არასწორად მოიხსენია, თუმცა, არხმა მალევე გამოასწორა შეცდომა და საჯაროდ მოიბოდიშა.

ბიზნესმენის მტკიცებით, "მთავარისგან" განსხვავებით, სახელისუფლებო არხებს არ შეუწყვეტიათ არასწორი ინფორმაციის გავრცელება, პირიქით - როგორც ბიზნესმენი ყიფიანი ამბობს, "პოსტივიმ" და "იმედმა" მას ბიზნესის დატერორებაშიც დასდეს ბრალი.

„მიმდინარე კვირას ტელეკომპანია მთავარმა ჩემს და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ წინააღმდეგ გაავრცელა ყალბი განცხადება, რომელიც სამწუხაროდ განხილული იქნა ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ფაქტის კონტექსტში. სიუჟეტში გამოთქმული იქნა უსაფუძვლო ბრალდებები კომპანია “ზეგ”-თან კავშირზე. გარდა აღნიშნულისა მე მომიხსენიეს როგორც ოცნებასთან დაკავშირებული მაღალჩინოსანი და ჩვენი თანამშრომელი თემურ პატარიძე, რომელსაც საჯარო სამსახურში არასდროს უმუშავია, გაასაღეს კუდის ყოფილ თანამშრომლად. მას შემდეგ რაც დავუკავშირდი მთავარს და განვუმარტე, რომ ინფორმაცია იყო უზუსტო, მათ დაუყოვნებლივ მოახდინეს სარედაქციო შესწორება და ბოდიშიც მოიხადეს.

მიუხედავად აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისა, ხელისუფლების მიერ მართულმა ტვ იმედმა, პოსტ ტვმ და შესაძლოა სხვა სააგენტოებმაც, სრულიად უსაფუძვლოდ, თითქოსდა მთავარის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე ჩემს წინააღმდეგ მოამზადეს და გაავრცელეს ბინძური და ცილისმწამებლური სიუჟეტები, ისე რომ უგულვებელყვეს მთავარის სარედაქციო ჩასწორება და ჩემთან დაკავშირება არც კი სცადეს, რათა ინფორმაცია გადაემოწმებიათ. აღნიშნულმა ტელევიზიებმა, არსებული სტანდარტის და ჟურნალისტური ეთიკის ნორმების დარღვევით, ბრალი დამდეს ბიზნესების დატერორებაში კავშირებზე, ასევე ყალბად განავრცეს სხვა, ჩვენთან კავშირში არ მყოფ თემურ პატარიძის მიერ წარსულში ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები და სხვა ყალბი ბრალდებები.

მიუხედავად ჩემი არაერთი მცდელობისა, ტვ იმედს გაესწორებინა აღნიშნული ყალბი ინფორმაცია, უშედეგოდ დამთავრდა. ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის კატეგორიულად მიუღებელია აღნიშნული ცილისმწამებლური განცხადებების გავრცელება და მოვუწოდებთ ყველა სააგენტოს დაუყოვნებლივ გამოასწოროს დაშვებული შეცდომები", - წერს ბიზნესმენი კოტე ყიფიანი.


close დახურვა