logo
ENG



ბაჩალიაშვილის ბიძა: რაც უფრო მეტი დღე გადის, უფრო მეტი კითხვა გვიჩნდება გამოძიების მიმართ

27 ივლ 202020:05
3 წუთის საკითხავი
 

თამარ ბაჩალიაშვილის ბიძის, კობა თამაზაშვილის განცხადებით, ოჯახს გამოძიების მიმართ სულ უფრო მეტი კითხვა უჩნდება. 

როგორც თამაზაშვილი ამბობს, ბაჩალიაშვილის მამას ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მის სერიოზული პრობლემები აქვს, აქციის მსვლელობისას მიაწოდეს. ამასთან, ბაჩალიაშვილის ბიძა ამბობს, რომ ამ დრომდე გამოძიებას არც სატელეფონო საუბრები და არც კომპიუტერი ამოუღია. 

„ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ველოდებით გამოძიების დასკვნას, მის მიმდინარეობას. გამოძიება ყველაფერს სათანადოდ გასცემს პასუხს. როგორც მამა ამბობს, მას ნამდვილად დაუკავშირდნენ, უთხრეს, რომ „თქვენი შვილი მაგარ შარშია“, მაგრამ ამ ეტაპზე, ვერ ხდება გარკვევა იმისა, რომ ... ეს ყველაფერი მოხდა აქციაზე. მოდით, დაველოდოთ გამოძიების მსვლელობას.

სატელეფონო ზარები დღემდე არ არის ამოღებული და სამუშაო კომპიუტერი, არ იციან პაროლი. გამოძიების მიმართ გვაქვს მოთხოვნა, რომ ყველაფერი ჩატარდეს დროულად, ობიექტურად და ყველაფერს გაეცეს საკადრისი პასუხი. გამოძიების მიმართ, რაც უფრო დღეები გადის, უფრო მეტი და მეტი კითხვები გვიჩნდება", - ამბობს გარდაცვლილი ბაჩალიაშვილის ბიძა. 

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინსიტროს მაღალჩინოსანი, ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის დირექტორის მოადგილე, ლადო ბაჭულაშვილი გენერალურ ინსპექციაში მას შემდეგ დაიბარეს, რაც გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა ის შანტაჟში დაადანაშაულა. ბაჩალიაშვილის მამის მტკიცებით, სწორედ ბაჭულაშვილია პოლიციელი, რომელმაც გამომძიებლის სახელით დაურეკა და უთხრა, რომ დაკარგული გოგოს კომპიუტერი გახსნეს და მას სერიოზული პრობლემები ჰქონდა. უწყებიდან გამოსული პოლიციელი გარდაცვლილის ოჯახის ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს, თუმცა ადასტურებს, რომ ოჯახთან თამარ ბაჩალიაშვილის გაუჩინარების პირველივე წუთიდან კავშირზე იყო. 

"ფორმულამ" გაარკვია, რომ, ნიკოლოზ იგივე ლადო ბაჭულაშვილი, რომელიც ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის დირექტორის მოადგილედ რამდენიმე თვის წინ დაინიშნა, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციების დროს თბილისის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოსტს იკავებდა. მისი სახელი ფიგურირებს როგორც 20-21 ივნისის აქციის დაშლის დროს, ასევე 31 დეკემბერს, იმ დღეს, როცა პარლამენტთან საპროტესტო კარვები აშალეს. 


close დახურვა