logo
ENG



სენატორი რიში: სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუა უნდა შეიწყალოს

30 ივლ 202023:56
3 წუთის საკითხავი
 
სენატორი რიში: სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუა უნდა შეიწყალოს

აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ რიში აცხადებს, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუა უნდა შეიწყალოს. ამის შესახებ მან "ამერიკის ხმას" განუცხადა. 

მისი თქმით, ის რურუასთვის 4-წლიანი პატიმრობის მისჯით შეშფოთებულია და წარდგენილ ბრალდებას ფიქტიურს უწოდებს. 

"მე ვრჩები ძალზედ შეშფოთებული დღეს ბატონი გორგი რურუას ფიქტიურ ბრალდებებზე გამოტანილი განაჩენის გამო. სასამართლო სისტემა არასდროს არ უნდა იყოს გამოყენებული პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. არჩევნების მოახლობასთან ერთად, პოლიტიკური კლიმატის პოლარიზების შემცირების ინტერესიდან გამომდინარე, როგორც გიორგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შემთხვევებში გააკეთა, სალომე ზურაბიშვილმა ასევე უნდა შეიწყალოს ბატონი რურუა. 

მე ძალიან მახარებს ის, რომ საქართველოს საარჩევნო სისტემაში საჭირო ცვლილებები შეტანილ იქნა და მოველი, რომ ოქტომბერში თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ვიხილავ. თუმცა, არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი მხოლოდ იმ შემთხვეევაში იქნება, თუ პოლიტიკურ პარტიებს ექნებათ საშუალება თავისუფლად იმოქმედონ, პოლიტიკური დევნის შიშის გარეშე", - განაცხადა სენატორმა.

ცნობისთვის, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ "მთავარი არხის" მეწილე გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

სენატორმა რიშმა არაერთი კრიტიკული წერილი მისწერა საქართველოს ხელისუფლებას, მათ შორის, გიორგი რურუას პატიმრობაში ყოფნის გამო. სწორედ ჯიმ რიშს ეკუთვნის აშშ-ის ეროვნული თავდაცვის აქტში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომელშიც ეწერა, რომ "8 მარტის შეთანხმების მიუხედავად, გიორგი რურუა კვლავ წინასწარ პატიმრობაში რჩება". 

10 მარტს ჯიმ რიშმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებისგან "პოლიტიკური მოტივით დაპატიმრებული" პირების გათავისუფლებას მოელოდა

1 ივლისს, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილების მიღებისა და პრეზიდენტის მიერ ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას შეწყალების შემდეგ კი ჯიმ რიშმა კიდევ ერთხელ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას . 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებისა და გიორგი რურუას პატიმრობიდან გათავისუფლებისკენ

რამდენიმე დღის წინ, 27 ივლისს, აშშ- სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, გადადგას შემდგომი ნაბიჯები მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად და გააფრთხილა ხელისუფლება სასამართლო სისტემისა და საარჩევნო პროცესების პოლიტიზებაზე.

ხსენებული მოწოდებების მიუხედავად ქართული ოცნების ხელისუფლება დღემდე უარყოფს 8 მარტის შეთანხმების მეორე ნაწილის არსებობას, რომელიც გიორგი რურუას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას გათავისუფლებას ითვალისწინებდა

გიორგი რურუა, რომელიც მოძრაობა "სირცხვილიას" ფინანსურად ეხმარებოდა, გასული წლის 18 ნოემბერს, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვის ბრალდებით დააკავეს. მოგვიანებით მის ბრალდებას დაემატა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა და მისთვის ხელის შეშლა. რურუა ბრალს არ აღიარებს.

გიორგი რურუას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236- და 381- მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და ძალაში შესული განაჩენის, ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობას ანდა, მისი შესრულებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს.

 


close დახურვა