ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარე ანდრიუს კუბილიუსი „ტვიტერზე“ გიორგი რურუას საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც მთავარი არხის მეწილეს 4 წლიანი პატიმრობა შეეფარდა.
როგორც კუბილიუსი წერს, საქართველოში სასამართლოს პოლიტიზირება გრძელდება. ევროპარლამენტარს აინტერესებს შეასრულებს თუ არა საქართველოს პრეზიდენტი 8 მარტის შეთანხმებას.
„მაიკ პომპეოს გაფრთხილების მიუხედავად სასამართლოს პოლიტიზირება გრძელდება. ერთ-ერთი ოპოზიციური არხის მეწილეს გიორგი რურუას 4 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. გადადგამს თუ არა საქართველოს პრეზიდენტი ნაბიჯს და დაიცავს თუ არა 8 მარტის შეთანხმებას?“, - წერს ანდრიუს კუბილიუსი.
კუბილიუსი აქამდეც არაერთხელ გამოეხმაურა ხელისუფლების მხრიდან 8 მარტის შეთანხმების აღსრულების პრობლემას და განაცხადა, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის, მათ შორის, ფინანსური დახმარების საკითხები მნისვნელოვნად არის დაკავშირებული საქართველოს ხელისუფლების მიერ დადებული შეთანხმებების შესრულებასთან.
13 მაისს კუბილიუსმა, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის პანდემიის გამოწვევებთან გამკლავებაში ფინანსური დახმარების შესახებ დოკუმენტის გამოქვეყნებისას განაცხადა, რომ ახლო თანამშრომლობის გაგრძელებისთვის აუცილებელია საქართველოს ხელისუფლებას 8 მარტის შეთანხმება შეესრულებინა.
"ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ ურთიერთნდობის პირობებში, რათა დავიცვათ დემოკრატია და მივაღწიოთ ამ მიზანს. ეს ნდობა კი მხოლოდ მაშინ მიიღწევა, როდესაც დადებული შეთანხმებები და დაპირებები შესრულდება, მათ შორის 2020 წლის 8 მარტს ქართულ პოლიტიკურ პარტიებს შორის მიღწეული შეთანხმება” , – წერდა კუბილიუსი.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ "მთავარი არხის" მეწილე გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო. მოსამართლემ რურუას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.