logo
ENG



ISFED მოუწოდებს რელიგიურ ორგანიზაციებს, წირვისას არ მიმართონ პოლიტიკურ აგიტაციას

04 აგვ 202011:48
3 წუთის საკითხავი
clock 847
kg6rmovm5zb777x.jpg

"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" (ISFED) წინასაარჩევნო კამპანიაში მაღალი იერარქიის სასულიერო პირის  ჩართვის შემთხვევაზე საუბრობს.

ორგანიზაციამ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში წარმოადგინა

ხსენებულ ანგარიშში მოხვდა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის მეუფე გიორგი ჯამდელიანის ქადაგებებიც.

“მიმდინარე საანგარიშო პერიოდში, დაფიქსირდა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვის შემთხვევა - მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა მეუფე გიორგი ჯამდელიანმა, 26 ივლისს, საკვირაო ქადაგებისას განაცხადა, რომ ხელს შეუშლის ეროვნული ინტერესების მოღალატე ადამიანის - ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატის, ზაურ დარგალის პარლამეტში შესვლას. მრევლისადმი მიმართვის სახით კი დაამატა, რომ ვინც ზაურ დარგალს გვერდით დაუდგება, მათზე პასუხისმგებლობას იხსნის და ყველა მათგანს მოუწევს პასუხის გაცემა წინაპრების სულებისთვის. მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი ეკლესიის მაღალი იერარქია და მისი სიტყვები, მოსახლეობაში, აღიქმება როგორც ეკლესიის პოზიცია“, - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.

“სამართლიანი არჩევნები“ რელიგიურ ორგანიზაციებს რეკომენდაციით მიმართავს და მოუწოდებს, წირვა-ლოცვისას, არ გამოიყენონ თავიანთი გავლენა მრევლსა და მორწმუნეებზე და არ მიმართონ პოლიტიკურ აგიტაციას.

“რელიგიურმა ორგანიზაციებმა, წირვა-ლოცვისას, არ გამოიყენონ თავიანთი გავლენა მრევლსა და მორწმუნეებზე და არ მიმართონ პოლიტიკურ აგიტაციას რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ ან/და საწინააღმდეგოდ“, - აღნიშნულია ანგარიშში.

ანგარიშში, ძირითადად, განხილულია 2020 წლის 5 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით პერიოდი, აგრეთვე მოვლენები, რომელთა განვითარება 5 ივლისამდე დაიწყო. 

მარნეულში მერიის წინ ნარიმანოვის ძეგლის რესტავრაციის სამუშაოები გაზაფხულზე დასრულდა. 

1870 წელს საქართველოში დაბადებული ნარიმან ნარიმანოვი ბოლშევიკური საქმიანობით იყო დაკავებული, იყო რევოლუციური კომიტეტის წევრი და თავმჯდომარე, ასევე საბჭოთა კავშირის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის ხელმღვანელი. 

მიუხედავად მისი ბიოგრაფიისა, ძეგლის რეაბილიტაციის კრიტიკამ ზოგ შემთხვევაში ქსენოფობიური ხასიათი მიიღო. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თქვა, რომ "კონკრეტული ჯგუფები კახეთსა და ქვემო ქართლში ეთნიკური შუღლის გაღვივებას ცდილობენ" და გამოძიება დაიწყო.

უფრო კონკრეტულად, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგი ჯამდელიანმა ქადაგებისას თქვა, რომ ძეგლის რეაბილიტაციით მარნეულის მერმა უკანონობა ჩაიდინა: "მერი მარტო აზერბაიჯანელებმა კი არა, ქართველებმაც აირჩიეს ... ქართველებს საერთოდ ღირსება თუ შეგვრჩენია, მაშინ ჩვენი მტრების ძეგლი არ უნდა იდგეს შუა ქალაქში. ეს არის ჩვენი სახელმწიფოებრიობის დიდი შეურაცხყოფა. ეს არის ჩვენს წინაპართა სულში ჩაფურთხება", - თქვა მან. ამასთან, ეთნიკურ აზერბაიჯანელებს შეახსენა, რომ "ქართულ მიწაზე ცხოვრობენ".

თავად ეპისკოპოსი ირწმუნება, რომ ის ეთნიკურ შუღლს არ აღვივებს და მისი მოწოდებები კანონიერია.


close დახურვა