logo
ENG



ვაჟა გაფრინდაშვილი: დაკავებული ექიმები დამნაშავეები არ არიან, მათი თავისუფლება საშიში არაა

05 აგვ 202016:32
3 წუთის საკითხავი
clock 2228
c9y3pxolraly94s.jpg

თბილისის საქალაქო სასამართლოში თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დაკავებული თანამშრომლების აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობენ. ბრალდებულებს უკანონო საექიმო საქმიანობას და სამსახურებრივ გულგრილობას ედავებიან.

სასამართლო სხდომა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ. დაკავებული ექიმების მხარდამჭერ აქციაზე იმყოფება ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი. მისი განცხადებით, მისი კოლეგები სრულიად გაურკვეველი მიზეზის გამო არიან დაკავებულები და ისინი დამნაშავეები არ არიან.

გაფრინდაშვილის თქმით, ერთ-ერთ ბრალდებულს, რომელიც სამედიცინო ჩარევას აკეთებდა, ტრავმატოლოგ-ორთოპედიაში ლიცენზიის არქონას ედავებიან, თუმცა ეს ლიცენზია იმ კონკრეტული ჩარევისთვის საჭირო არც არის, რადგან მას რადიოლოგი ახორციელებს. მეორე ბრალდებულს კი, უბრალოდ, საბუთი ჰქონდა გასაახლებელი, რომელსაც გამოცდის ჩაბარება არ სჭირდებოდა. 

"2 დღის წინ ჩვენი 2 კოლეგა სრულიად გაურკვეველი მიზეზების გამო დააკავეს. 2019 წლის მარტში ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისმა კომისიამ დადგენილება გამოიტანა, რომელიც, ჩემი აზრით, არის აბსოლუტურად არასწორი. დაკავებული ექიმები დამნაშავეები არ არიან და მათი თავისუფლება ვინმესთვის საშიში არ იქნებოდა.

ჩემი კოლეგები თანამშრომლობდნენ გამოძიებასთან და არც სურვილი არ ჰქონიათ, რომ სადმე გაქცეულიყვნენ. თუ მათ მოწმეებზე ზეწოლა და საბუთების გაყალბება უნდოდათ, წელიწად-ნახევარი ჰქონდათ ამისთვის, მაშინ თავიდანვე უნდა დაეკავებინათ. დღეს, როდესაც გამოძიება დასრულებულია, მათ დაკავებას აზრი არ აქვს. ალბათ შიგნით სისტემაში შეუთანხმებლობაა ან ვიღაცის თავის გამოჩენა სურს“, - განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა.

ერთ-ერთი დაკავებული მაგდა ხოჭოლავა პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება და იმედოვნებს, რომ სასამართლო ობიექტურ და სამართლიან გადაწყვეტილებას მიღებს.

დაკავებულ ექიმებთან დაკავშირებით განცხადება თბილისის ცენტრალურმა საავადმყოფომაც გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, სამედიცინო დაწესებულება სრულად უარყოფს დაკავებულ პირთა მიმართ პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალდებებს. მათი თქმით, ბრალდების საფუძვლად მოყვანილი არგუმენტაცია არის აბსურდული და სრულებით არ შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს.

თბილისის პროკურატურის ინფორმაციით, სამსახურებრივი გულგრილობის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი გ.ლ. და ამავე კლინიკის ექიმი ვ.ყ. დააკავეს, ხოლო უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე მ.ხ.-ს მიმართ დაუსწრებლად გამოიტანეს დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ.

გამოძიების ცნობით, საავადმყოფოში ერთერთ პაციენტს ოპერაცია შესაბამისი ლიცენზიის არმქონე ექიმებმა ჩაუტარეს, რასაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულება მოჰყვა და ის დღემდე კომატოზურ მდგომარეობაშია.

საქართველოს პროკურატურა სამივე ბრალდებულის მიმართ პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს.


close დახურვა