logo
ENG



სანქციების მუქარა - ლუკაშენკო იხსენებს, რატომ არ აღიარა ე.წ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი

07 აგვ 202022:07
3 წუთის საკითხავი
 
3wbhyys4zp4r6nx.jpg

 

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო დიმიტრი გორდონთან ინტერვიუში იხსენებს, რომ ე.წ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შემთხვევაში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ხავიერ სოლანა მას სანქციებით დაემუქრა.

ლუკაშენკო იხსენებს, რომ ბელარუსის მხრიდან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების შემთხვევაში, მის გადაწყვეტილებას „დსთ"-ის წევრი სხვა ქვეყნებიც მიბაძავდნენ.

„არასდროს მქონია ოსეთის, აფხაზეთის და ა.შ. მხარდაჭრის პრობლემა. იმის მიუხედავად, რომ ნებისმიერი სახლემწიფოს მთლიანობის მომხრე ვარ", - ამბობს ლუკაშენკო - „ვამბობდი, რომ ამას განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ვანიჭებდი. ნუ, მოკავშირეს მხარი უნდა დაუჭირო - შეგვიძლია, დავუჭიროთ".

ლუკაშენკო იხსენებს, რომ მას ამ საკითხზე მოლაპარაკების მიზნით, მას ევროკავშირის გენერალური მდივანი ხავიერ სოლანა ეწვია.

„დავსხედით კაბინეტში და პირდაპირ მითხრა: „თქვენთან თხოვნა გვაქვს". მე ვუთხარი: „რა თხოვნა შეიძლება ქონდეს NATO-ს ლუკაშენკოსთან"? გაეცინა....„არ გვინდა, რომ სამხრეთ ოსეთი აღიაროთ". დაიწყო მოყოლა, რა როგორ მოხდა და რატომ. ვეუბნები: „ყველაფერი მესმის, მაგრამ რატომ მთხოვთ უეცრად ამას?". მიპასუხა: „იცით, ასეთი ვითარება შეიქმნა, თუ თქვენ აღიარებთ, აღიარებების წყება დაიწყება. თქვენ სხვები უნდა მოგყვნენ. „დსთ"-ის ქვეყნების მეთაურებმა გვთხოვეს, რომ თქვენთან მოგველაპარაკა, რომ ეს ნაბიჯი არ გადადგათ. მაშინ არც მათ მოუწევთ", - იხსენებს ლუკაშენკო.

ლუკაშენკოს თქმით, იმ პერიოდში რუსეთთანაც მართავდა მოლაპარაკებებს ამ საკითხზე, შესაბამისად, სოლანას ჰკითხა, რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში თუ ბელარუსი ე.წ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს არ აღიარებდა.

„ჩვენ იმ დროს სერიოზული სანქციების ქვეშ ვიყავით. ამისთვის მზად იყო, ბლოკნოტი ამოიღო და დამიწყო ჩამოთვლა: „ბატონო პრეზიდენტო, ბელარუსი დაუყოვნებლივ გამოირთვება SWIFT-ის ანგარიშებიდან...". ამბობდა „აი ეს, ეს, ეს სანქციები....". არ შემპირებია, რომ სანქციებს მოხსნიდა, უბრალოდ ჩამომითვალა, რა მოხდებოდა დამატებით", - ამბობს ლუკაშენკო.

ბელარუსის პრეზიდენტი იხსენებს, რომ სოლანასთან შეხვედრის შემდეგ რუსეთის იმჟამინდელ პრეზიდენტს დმიტრი მედვედევს შეხვდა და ე.წ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარების სანაცვლოდ სანქციების მოხსნა მოსთხოვა.

"იცით, რა მიპასუხა? მითხრა: „ხომ გესმით, რომ აქ ძირითადად ეკონომიკური საკითხებია. ამით კი ჩვენთან პუტინი კავდება, მმართველობა. გესმით? ეს ჩემი საკითხები არაა", - იხსენებს ლუკაშენკო.

ლუკაშენკოს თქმით, საბოლოოდ რუსეთის პრეზიდენტთან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების საკითხზე ვერ მოილაპარაკა. სანქციებისთვის თავის არიდების მიზნით კი საბოლოოდ ბელარუსმა ე.წ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არ აღიარა.

„არ მოგვილაპარაკებია. ვის ჭირდებოდა ეგ, ვაღიარებდი სამხრეთ ოსეთს თუ არა? ერთ დღეში ყველა დაივიწყებდა. სანქციები კი დაგვემატებოდა.", - ამბობს ლუკაშენკო.

დღეის მდგომარეობით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები - ე.წ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად 5-მა ქვეყანამ აღიარა: რუსეთმა, ვენესუელამ, ნიკარაგუამ, სირიამ და ნაურუმ.

 

 

 

 

 

 

 


close დახურვა