ევროპული საქართველოს წევრის გიორგი კანდელაკის ინფორმაციით, მთავრობამ უსაფრთხო ქვეყნებიდან 16 ტურისტული ჩარტერული ავიარეისი დაბლოკა.
მთავრობის ამ გადაწყვეტილებას კანდელაკი "მავნებლობად" აფასებს და აღნიშნავს, რომ საუბარია იმ ქვეყნებზე, რომლებიც ხელისუფლებამ თავადვე აღიარა უსაფრთხოდ.
"დაუჯერებელი ამბავი: მთავრობამ ლიტვიდან და ესტონეთიდან, ანუ მის მიერვე უსაფრთხოდ გამოცხადებული ქვეყნებიდან, დაბლოკა საქართველოში ფულის დახარჯვის სურვილით აღვსილი ტურისტებით სავსე 16 ჩარტერი აგვისტოსა და სექტემბერში. ლიტვიდან რეისები უნდა განეხორციელებინა ჩარტერულ ავიაკომპანია Get Jet-ს. უსაფრთხო ქვეყნებიდან ტურისტების დაბლოკვა, საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებულ დისკრიმინაციულ კარანტინთან ერთად, არის არამეცნიერული, მავნებლური და უბრალოდ საბოტაჟი", - წერს დეპუტატი Facebook-ის პირად გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ 8 ივლისს საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ 5 ქვეყანასთან ავიამიმოსვლა აღდგა. საუბარია გერმანიაზე, საფრანგეთზე, ლატვიაზე, ლიეტუვასა და ესტონეთზე.