logo
ENG



ბელარუსში საპროტესტო გამოსვლები საყოველთაო გაფიცვამ ჩაანაცვლა

14 აგვ 202020:14
3 წუთის საკითხავი
 

მინსკის ცენტრში მრავალათასიანი აქცია მიმდინარეობს, რომელსაც წამყვანი საწარმოების მუშებიც შეუერთდნენ. მათი მთავარი მოთხოვნა ალექსანდრე ლუკაშენკოს გადადგომა და ხელახალი არჩევნების ჩატარებაა.  

10 ათასამდე ადამიანი მთავრობის სახლის წინ აქციაზე შეიკრიბა. დამოუკიდებლობის მოედანზე იმყოფებიან სპეცრაზმელებიც, რომლებმაც მომიტინგეების წინ ფარები დაუშვეს. 

მსვლელობა მთავრობის სახლის მიმართულებით შუადღისას დაიწყო. აქციის მონაწილეები სამართალდამცველთა ქმედებებს აპროტესტებდნენ და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვდნენ.   

აქციას შეუერთდნენ პედაგოგები, ექიმები და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მსხვილი საწარმოები. 

5 დღიანი სახალხო პროტესტის შემდეგ ხელისუფლება დათმობაზე წავიდა. შინაგან საქმეთა მინისტრმა მოსახლეობას ძალის გამოყენების გამო ბოდიში მოუხადა და ციხეებიდან დაკავებულების გათავისუფლება დაიწყო. ამ დროისთვის 6700 კაციდან საპატიმრო 2 ათასმა დატოვა. ყოფილი პატიმრები ყვებიან, რომ საკნებში სასტიკად უსწორდებოდნენ. 

საერთაშორისო გაერთიანება ყურადღებით აკვირდება ბელარუსში მიმდინარე მოვლენებს. ევროკავშირის პარალელურად ლუკაშენკოს ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას აქტიურად განიხილავს ვაშინგტონიც. 

ბელარუსის ქალაქებში მიმდინარე გამოსვლების პარალელურად ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა და 80 პროცენტიანი მხარდაჭერით ალექსანდრე ლუკაშენკო კვლავ პრეზიდენტად გამოაცხადა. 


close დახურვა