logo
ENG



მოქალაქემ, კარანტინის გაუქმების მოთხოვნით, სასამართლოს სარჩელით მიმართა

14 აგვ 202021:15
3 წუთის საკითხავი
 
vfv0t8ka7wsftvl.jpg

მოქალაქე ნატალია ფარცხალაძე აცხადებს, რომ უკანონო პატიმარია სასტუმრო Holiday Inn -ში. მან დღეს, 14 აგვისტოს კარანტინის გაუქმების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა. ნატალია ფარცხალაძე Facebook-ის გვერდზე საჯაროდ წერს, რომ თვითიზოლაციისა და PCR ტესტის საკუთარი ხარჯით გაკეთება, არ განიხილეს. 

"8 აგვისტოს საფრანგეთიდან Air France-ის რეგულარული რეისით დავბრუნდი სამშობლოში და განსხვავებით იმავე ქვეყნიდან შემოსული საფრანგეთის მოქალაქეებისა და იქ ბინადრობის უფლების მქონე პირებისგან, პატრულის ესკორტით, სპეციალური ავტობუსით, როგორც დამნაშავე გადამიყვანეს 14 დღიან იძულებით პატიმრობაში", - წერს ის.

 

არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის ხელმძღვანელისა და იურისტის, გიორგი მშვენიერაძის თქმით, მოსარჩელე დისკრიმინაციული მოტივით მიმართავს სასამართლოს. მისივე განმარტებით, საქართველოს მოქალაქეებს, უცხოელებისგან განსხვავებით, კარანტინში ათავსებენ და სწორედ ეს არის დისკრიმინაცია.  

"მოვითხოვთ, მიდგომა იყოს ერთნაირი და როგორც სხვა ქვეყნის მოქალაქეებს ექცევა სახელმწიფო, ისე მოექცეს ჩვენს მოქალაქეებსაც", - განმარტავს გიორგი მშვენიერაძე.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ევროკავშირის ქვეყნებიდან ნებისმიერი ვიზიტის შემდეგ სამშობლოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეები 14-დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან. იგივე წესი არ ვრცელდება ევროკავშირის ქვეყნებიდან ჩამოსულ ტურისტებზე, თუ მათ საზღვარზე ტემპერატურა არ დაუფიქსირდებათ. 


close დახურვა