თერჯოლაში 11 წლის ბავშვის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, შსს-ში ოჯახში არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის თაობაზე განცხადება ან შეტყობინება არ შესულა, პოლიციის მიერ ოჯახის არც ერთი წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერი გაცემული არ ყოფილა.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ოჯახში კონფლიქტთან დაკავშირებით უწყებას 2010 წელს მიმართეს, თუმცა სამართლებრივი პასუხისმგებლობა არცერთი პირის მიმართ არ დამდგარა.
"აღნიშნულ ოჯახში კონფლიქტთან დაკავშირებით მომართვა 2010 წელს ფიქსირდება, რაზეც მოხდა შესაბამისი რეაგირება, თუმცა სამართლებრივი პასუხისმგებლობა არცერთი პირის მიმართ არ დამდგარა.
გარდა ამისა, 2014 წელს, ადგილი ჰქონდა ბრალდებულს და მის სიძეს შორის სიტყვიერ დაპირისპირებას, რაზეც პოლიციის მხრიდან გატარდა შესაბამისი ზომები",-ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ბავშვის ბებია მედიასთან საუბარში ამბობს, რომ წარსულში ამავე ოჯახში მომხდარი ძალადობის შემთხვევების შესახებ პოლიცია ინფორმირებული იყო. ის ბავშვის დედაზე ძალადობის შესახებ ყვება.
სამართალდამცავების რეაგირების ეფექტურობის შესახებ კითხვები გაუჩნდა ომბუდსმენსაც - მან გამოძიებას მოუწოდა, დაინტერესდეს, რატომ ვერ მოახდინა პოლიციამ ბავშვის მიმართ ძალადობის პრევენცია, თუ ძალადობის შესახებ შეტყობინებები მიღებული ჰქონდა.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თერჯოლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, 23 აგვისტოს 11 წლის ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს. სამართალდამცველებმა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით ბავშვის მამა დააკავეს. მათი ცნობით, ბრალდებული შვილზე სისტემატურად ძალადობდა, რამაც, სავარაუდოდ, არასრულწლოვნის თვითმკვლელობა გამოიწვია.