logo

გერმანია: ნავალნი იმავე ნივთიერებით მოწამლეს, რომლითაც სკრიპალი

02 სექ 202018:07
3 წუთის საკითხავი
clock 27 clock 1742

გერმანიის ხელისუფლება აცხადებს, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ქიმიური ნერვული აგენტით, ნოვიჩოკის ჯგუფის ნივთიერებით მოწამლეს.

იმავე ქიმიური აგენტით მოწამლეს 2018 წელს ყოფილი რუსი ჯაშუში სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი. მაშინ, ყოფილ ჯაშუშზე თავდასხმაში ბრიტანეთის ხელისუფლებამ რუსეთი დაადანაშაულა. რუსეთი ბრალდებებს ამ დრომდე უარყოფს. 

ნავალნი, რომელიც გასულ თვეში მოწამლეს, ამჟამად ბერლინის ჰოსპიტალში მკურნალობს. რუსი ოპოზიციონერი კვლავ კომაშია. გერმანელი ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მცირედით გაუმჯობესდა. ნავალნი კვლავ კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება, თუმცა მის სიცოცხლეს პირდაპირი საფრთხე აღარ ემუქრება. 

ომსკის ჰოსპიტალის ექიმებმა, სადაც ნავალნი თავდაპირველად გადაიყვანეს, პაციენტის ორგანიზმში მომწამვლელი ნივთიერების კვალი "ვერ იპოვეს". ოჯახის წევრებისა და ახლობლების დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად, თავდაპირველად რუსი ექიმები ნავალნის ბერლინში გადაყვანის ნებართვას არ გასცემდნენ. 

საბოლოოდ, ბერლინის ჰოსპიტალში ნავალნი 21 აგვისტოს გადაიყვანეს. გადაყვანიდან 3 დღის შემდეგ, 24 აგვისტოს კი გერმანელმა ექიმებმა დაადასტურეს, რომ ნავალნი მოწამლული იყო. 

მოწამვლის დადასტურების მიუხედავად, კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა 25 აგვისტოს განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლება გამოძიებას "საფუძველის არარსებობის გამო" არ დაიწყებდა. 

"შემაძრწუნებელია, რომ ალექსეი ნავალნი რუსეთში ქიმიური ნერვული აგენტის მსხვერპლი გახდა", - ვკითხულობთ გერმანიის მთავრობის განცხადებაში - "ფედერალური ხელისუფლება განიხილავს, თუ რა იქნება ადეკვატური ერთობლივი პასუხი, პარტიორებთან ერთად, რუსეთის საპასუხო ნაბიჯების გათვალისწინებით". 

გერმანიის მთავრობა აცხადებს, რომ გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, საპასუხო ნაბიჯების შესათანხმებლად სახელმწიფო მინისტრებს შეხვდება. 

 



close დახურვა